უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ 4 ნოემბერს გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის დაავალა, დაარეგისტრიროს ინფორმაცია ზელენსკის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელის, დავით არახამიას, შესაძლო კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით.
სასამართლოს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანიზაცია AntAC-ის საჩივარს მოჰყვა. ორგანიზაციამ ოქტომბერში გენერალურ პროკურატურას მიმართა და პარლამენტში ხმების მოსყიდვის შესაძლო სქემაში არახამიას მონაწილეობის გამოძიება მოითხოვა.
საქმე უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) მიერ გამოვლენილ სავარაუდო ქრთამის ფაქტებს უკავშირდება. უწყების ცნობით, დეპუტატებმა შესაძლოა პარლამენტში ხმის მიცემის სანაცვლოდ თანხა მიიღეს.
2025 წლის დეკემბრის ბოლოს აღნიშნულ საქმეზე ეჭვი ზელენსკის პარტიის ხუთ დეპუტატს წარედგინა. მათ შორის იყო იურიი კისელი, საპარლამენტო სატრანსპორტო კომიტეტის ხელმძღვანელი და არახამიას ერთ-ერთი მოადგილე.
Kyiv Independent-ის სამართალდამცავ წყაროზე დაყრდნობით, ამ პერიოდში ჩხრეკა არახამიას თანაშემწის საცხოვრებელ და სამუშაო ფართებშიც ჩატარდა. წყაროს ინფორმაციით, გამოძიება შესაძლოა სხვა დეპუტატებსაც შეეხოს. რამდენიმე მათგანი უკვე დაკითხულია.
AntAC-ის იურისტის, ტატიანა შევჩუკის განმარტებით, NABU-ს არახამიას მიმართ გამოძიების დასაწყებად გენერალური პროკურორის თანხმობა სჭირდებოდა. უკრაინის კანონმდებლობით, პარლამენტის წევრების სავარაუდო დანაშაულის შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციის უფლებამოსილება გენერალურ პროკურორს ეკუთვნის.
ორგანიზაციამ 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ გენერალურმა პროკურატურამ საჩივრის რეგისტრაციაზე უარი თქვა, რადგან მასში აღწერილი გარემოებები უკვე სხვა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში იძიებოდა.
შევჩუკის თქმით, AntAC არ აცხადებს არახამიას დამნაშავედ, თუმცა მიიჩნევს, რომ სასამართლოს საჩივარი უნდა დაეკმაყოფილებინა. ორგანიზაციის შეფასებით, 4 ნოემბრის გადაწყვეტილება წინასასამართლო გამოძიების დაწყების პროცედურულ დაბრკოლებას ხსნის.
AntAC აცხადებს, რომ გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში გენერალური პროკურორის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს.
ორგანიზაციის ცნობით, არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრაზე გენერალურმა პროკურატურამ თებერვალშიც თქვა უარი. მაშინ საჩივარი სხვა ანტიკორუფციულმა ორგანიზაციამ, Mezha-მ შეიტანა. იმ პერიოდში გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო იყო, რომელმაც სექტემბერში, კორუფციული სკანდალის ფონზე, უკრაინა დატოვა.
Ukrainska Pravda-ს ინფორმაციით, გადადგომამდე, 7 სექტემბერს, კრავჩენკო ზელენსკისა და არახამიას შეხვდა. გამოცემის ცნობით, არახამია გენერალური პროკურორის გადადგომის წინააღმდეგ ლობირებდა.
ნოემბრის დასაწყისში კოვალსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არახამიას პირადად არასდროს შეხვედრია.
თავად არახამიამ Kyiv Independent-ს უთხრა, რომ საკითხის დეტალურად განხილვის დრო არ ჰქონდა. მისი განცხადებით, ის ჩართული არ არის ისეთ საკითხებში, რომლებიც ომის დეესკალაციას ან ქვეყნისთვის ფინანსური დახმარების მისაღებად საჭირო კანონპროექტების მიღებას არ უკავშირდება.


