თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. „ჯარის ძარცვის“ (თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების) საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო.
პროცესს ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრება, რომელსაც გამოძიება ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ექს-პრემიერს რამდენიმე კითხვა დაუსვა, მათ შორის, კითხა, – თვლის თუ არა წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ, რაზეც ღარიბაშვილმა უპასუხა – „არა“.
მოსამართლე: ქართულ ენას სრულყოფილად ფლობთ?
ღარიბაშვილი: ვცდილობ
მოსამართლე: ხუმრობა არ მეშლება, მაგრამ პროცესზე ჩარჩოებში ჩავჯდეთ
„ერისკაცს გაუმარჯოს” – ასე კი ყოფილ პრემიერს სასამართლოს სხდომათა დარბაზში შესვლისას ლუკა კურტანიძე შეხვდა.
სხდომათა დარბაზში იმყოფებიან ღარიბაშვილის ოჯახის წევრები და ნათესავები და იუსტიციის ყოფილი მინისტრი, რატი ბრეგაძე.
სხდომის დაწყებიდან მალევე ბრალდების მხარემ სხდომის დახურვის შუამდგომლობა დააყენა, რაც ღარიბაშვილმა გააპროტესტა, თუმცა საბოლოოდ სხდომა დახურეს.
პროკურორ ანი ლეკიაშვილის შუამდგომლობის მიხედვით, საქმე თავდაცვის სამინისტროსთანაა დაკავშირებული, სხდომაზე კი, მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები დაიკითხებიან და შესაძლოა, პროფესიული და სახელმწიფო მნიშვნელობის საიდუმლოებები გაჟღერდეს. ასევე, პროკურორის თქმით, შუამდგომლობის საფუძველი, პირთა პერსონალური ინფორმაციის დაცვაცაა.
„რა თქმა უნდა, ამ შუამდგომლობას ვეწინააღმდეგები, მინდა საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე, რომ ეს არის ცილისწამებაზე აგებული, პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ პროცესი საჯაროდ და გამჭვირვალედ ჩატარდეს, რათა მთელმა საზოგადოებამ დაინახოს ამ ბრალდების უსაფუძვლობა, კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამ შუამდგომლობას და მოგმართავთ თხოვნით, ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ადვოკატის თქმით, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, როგორი ბრალი აქვს ირაკლი ღარიბაშვილს და რა მტკიცებულებები აქვთ მის წინააღმდეგ. უფლებადამცველი ამბობს, რომ ბრალდება სრულიად დაუსაბუთებელია, 48-ტომიანი საქმე კი პოლიტიკურად მოტივირებული.
ირაკლი ღარიბაშვილს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი. პროკურატურა მას თავდაცვის ყოფილი მინისტრისგან, ჯუანშერ ბურჭულაძისგან, ქრთამის სახით 750 000 ლარის აღებას ედავება. წაყენებული ბრალი 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


