ფედერალური ცენტრი ომისთვის ფულს არ იშურებს, თუმცა რეგიონებს მის მონაწილეებზე ეკონომიის გაკეთება უწევთ. როგორ ამწვავებს საბიუჯეტო კრიზისი წინააღმდეგობებს მოსკოვსა და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის.
რუსეთის სულ უფრო მეტი რეგიონი ამცირებს უკრაინაში ომში დაღუპულთა ოჯახებისთვის განკუთვნილ დახმარებას. ექსპერტების თქმით, სუბსიდიების შემცირება უკვე ტენდენციად იქცევა. ადგილობრივ ბიუჯეტებში სახსრების უკმარისობის გამო ხელისუფლება იძულებულია, ხარჯები შეამციროს. მიუხედავად იმისა, რომ 2027 წელს რუსეთი სამხედრო საჭიროებებისთვის 17,1 ტრილიონი რუბლის დახარჯვას გეგმავს, რაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეთა“ ნათესავებისთვის განკუთვნილი დახმარება და თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმებისთვის გასაცემი თანხები თანმიმდევრულად მცირდება.
ინტერნეტგამოცემა „ვაჟნიე ისტორიი“ იუწყება, რომ სულ მცირე 12 რეგიონში დაღუპულთა ოჯახებს მთლიანად ან ნაწილობრივ ჩამოართვეს ე.წ. „კუბოს ფული“ — დაღუპვის გამო გასაცემი კომპენსაცია. გამოცემა „ЧТД“-ის დათვლით, საუბარია 15 რეგიონზე. ამ გადაწყვეტილებების უმეტესობა 2026 წელს მიიღეს. ამავე დროს, სულ მცირე 17 რეგიონში შეამცირეს სამხედრო უწყებასთან კონტრაქტის გაფორმებისთვის გასაცემი თანხები. მაგალითად, პეტერბურგში თანხა რამდენჯერმე შემცირდა — 3,5 მილიონიდან 1 მილიონ რუბლამდე, და ეს მხოლოდ ოფიციალური მონაცემებით. „ფონტანკას“ ცნობით კი, ერთჯერადი დახმარება 400 ათას რუბლამდეა შემცირებული.
„ფედერალური ცენტრი ომს აფინანსებს და ამ ფულით, სხვა ყველაფერთან ერთად, აწარმოებენ ქვემეხებსა და ტანკებს, რომლებიც ბრძოლის ველზე იწვის, — განმარტავს DW-სთან საუბარში ეკონომიკური მიმომხილველი დენის მოროხინი. — რეგიონები კი პასუხისმგებელნი არიან გადაბირებაზე, თანხების გაცემასა და კონტრაქტის გაფორმებისას ბონუსების გადახდაზე“.
მოროხინის თქმით, რადგან ეკონომიკა არ იზრდება, ხოლო თითქმის ყველა სამოქალაქო დარგი ვარდნას განიცდის, რეგიონები კომპანიების მოგების გადასახადიდან სულ უფრო ნაკლებ შემოსავალს იღებენ. ის ფინეთის ბანკის მონაცემებს ეყრდნობა: გასულ წელს რუსეთის ეკონომიკა მხოლოდ 1%-ით გაიზარდა და ეს ზრდა მთლიანად სამხედრო ხარჯებმა უზრუნველყო. მათ გარეშე ეკონომიკა რეცესიაში იქნებოდა.
მოსკოვი რეგიონებს ექსპლუატაციას უწევს
ეკონომისტ იგორ ლიპსიცის თქმით, სოციალური დახმარებების შემცირება, მათ შორის უშუალოდ ომთან დაკავშირებულისაც, უკვე ტენდენციად იქცა. „რეგიონებს სულ უფრო ნაკლები ფული აქვთ. პირველ რიგში, სამოქალაქო ეკონომიკა ეცემა, რომელზეც რეგიონების შემოსავლებია დამოკიდებული. მეორე მხრივ, რუსეთში ჩატარდა საგადასახადო რეფორმა, რომლის შედეგადაც ფედერალურ ბიუჯეტს მეტი ხვდება, რეგიონებს კი — ნაკლები“, — აღნიშნა მან DW-სთან ინტერვიუში.
ეკონომისტის თქმით, სახსრების უკმარისობის გამო რეგიონული ხელისუფლებები იძულებულნი არიან, კომერციული სესხები აიღონ, რომელთა საპროცენტო განაკვეთიც 15%-ს აღწევს. „ყველაფრის შეკვეცას იწყებენ — დაიწყო მუნიციპალური თანამშრომლების გათავისუფლება, სხვადასხვა ტიპის სოციალური დაწესებულებებიდანაც იწყებენ ადამიანების დათხოვნას. თანამდებობის პირებსაც კი ათავისუფლებენ“.
DW-ს დათვლით, უსახსრობის გამო საბიუჯეტო სექტორში თანამშრომელთა შემცირება რუსეთის ფედერაციის 89 სუბიექტიდან 20-ზე მეტს შეეხო. გასული წლის შედეგებით, რეგიონული ბიუჯეტების დეფიციტმა რეკორდულ 1,5 ტრილიონ რუბლს მიაღწია. „სბერბანკის“ პროგნოზით, წელს ის შესაძლოა 2 ტრილიონ რუბლამდე გაიზარდოს.
რუსეთში სამხედროებზეც ეკონომიას აკეთებენ
დეფიციტთან ბრძოლის აუცილებლობა ხელისუფლებას აიძულებს, პროფესიონალ სამხედროებზეც დაზოგოს ფული. როგორც ჩანს, სულ მცირე ბოლო 18 წლის განმავლობაში პირველად, რუსეთში სამხედრო მოსამსახურეებისთვის დეკემბერში გასაცემ თანხებს იანვარში გადაიტანენ. „ეს უკვე ცუდი სიგნალია, — ამბობს ლიპსიცი. — სამხედროებისთვისაც კი აღარ ჰყოფნით ფული“.
მართალია, საუბარი არ ეხება მათ, ვინც ფრონტზე იმყოფება. თუმცა პუტინს ომისთვის განკუთვნილი ფული თანდათან ეწურება — ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს ეკონომისტი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვლადიმირ მილოვი. „უკვე არაერთი წელია, სამხედროების ფულად ანაზღაურებას არასაკმარისად ზრდიან ინფლაციის გათვალისწინებით: ის წელიწადში მხოლოდ 4%-ით იზრდება. თუმცა ოქტომბერში ეს ინდექსაციაც არ განხორციელებულა, — ამბობს ის. — რეალურ გამოხატულებაში სამხედროების ფულადი შემოსავლები შესამჩნევად მცირდება“.
კონტრაქტით სამხედროების გაწვევა ფერხდება
ბერლინში მდებარე მეცნიერებისა და პოლიტიკის ფონდის (SWP) გერმანელი ეკონომისტი იანის კლუგე მიუთითებს, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული თანხებისა და დაღუპვის კომპენსაციების გაცემასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შესაძლოა ჯარში ახალი მოხალისეების მოზიდვა გაართულოს. „რუსეთის რეგიონული ბიუჯეტების ხარჯების შესახებ მონაცემებით, სექტემბერში ჯართან კონტრაქტი 29,9 ათასმა ადამიანმა გააფორმა. ერთი წლით ადრე, იმავე თვეში, 31,9 ათასი ადამიანი აიყვანეს. 2026 წლის პირველ ცხრა თვეში ახალ კონტრაქტორ სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობამ 263 ათასი შეადგინა, გასული წლის იმავე პერიოდში კი — 292 ათასი“.
მეორე მხრივ, როგორც თავად კლუგე ამბობს, კონტრაქტით სამხედროების აყვანა ჯერჯერობით „სტაბილური რჩება“: „დღეში დაახლოებით 1 000 ადამიანი, თუმცა ტემპი მაინც უფრო დაბალია, ვიდრე ერთი წლის წინ“.
კიევის ეკონომიკის სკოლის პრეზიდენტი ტიმოფეი მილოვანოვი წერს, რომ რუსეთში გადამბირებლების ქმედებების გამო დანაშაული იზრდება. ვალებისა და ნასამართლობის მქონე მამაკაცები ზეწოლას განიცდიან. ომში ვადიან სამხედრო მოსამსახურეებსაც ითრევენ. „პუტინი პირობას დებს, რომ ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს ომში არ გაგზავნის. თუმცა ოფიცრები ახალგაზრდა წვევამდელებზე ზეწოლას ახდენენ და კონტრაქტების ხელმოწერას აიძულებენ. რუსეთი 2022 წლის ბრძანებულებას იყენებს, რათა ასეთი სამხედრო მოსამსახურეები სამსახურში უვადოდ დატოვოს“.
ორგანიზაციამ „იდიტე ლესომ“, რომელიც მამაკაცებს გაწვევის თავიდან აცილებაში ეხმარება, 2026 წლის აგვისტოში სამჯერ მეტი მიმართვა მიიღო, ვიდრე ერთი წლით ადრე. ამასთან, უფლებადამცველების თქმით, გადაბირებას ხშირად ძალადობრივი ხასიათი აქვს.
მეორე მხრივ, უკრაინელების წინააღმდეგ ბრძოლით ფულის შოვნის შესაძლებლობა ბევრი რუსისთვის კვლავ მიმზიდველად გამოიყურება, განუცხადეს DW-ს ბერლინის აღმოსავლეთ ევროპისა და საერთაშორისო კვლევების ცენტრისა (ZOiS) და გერმანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების ანალიტიკოსებმა. „რუსეთში ომი ნორმად იქცა და პრობლემაც სწორედ ესაა. საზოგადოება მას უკვე მოცემულობად აღიქვამს“, — ამბობს რესპონდენტი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა: „თუ, მაგალითად, რეგიონებში შემოსავლების დონესა და ფულის შოვნის შესაძლებლობებს შევხედავთ, ომი ფინანსური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების საშუალებად კვლავ რჩება“.
რუსეთში მედიანური ხელფასი ამჟამად დაახლოებით 60 ათასი რუბლია. „იმ იმედით, რომ შტაბში დარჩებიან და ომს იქ გადააგორებენ, ადამიანები მზად არიან გარისკონ, კონტრაქტის გაფორმებისთვის განკუთვნილი ბონუსებისა და თანხების შემცირების პირობებშიც კი, რადგან ბევრ რეგიონში სხვა არჩევანი უბრალოდ არ არსებობს“, — აღნიშნავს DW-ს რესპონდენტი.


