რუსული მედია გენერალური პროკურატურის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის საქართველოს მოქალაქე, გურამ ჭიჭინაძეს 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„სასამართლომ ჭიჭინაძეს 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სასჯელის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით“, – აცხადებს რუსეთის გენერალური პროკურატურა.
რუსეთის გენერალური პროკურატურის ცნობით, გურამ ჭიჭინაძემ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი 2022 წლის ოქტომბერში, ოდესის ოლქში უკრაინის 28-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის დისლოკაციის ადგილზე გააფორმა, ხოლო წვრთნები მიკოლაივის ოლქში გაიარა. პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 43 წლის ჭიჭინაძე 2024 წლის თებერვალში სამხედრო მოქმედებების ზონაში დაბრუნდა, ხოლო თებერვლის ბოლოს რუსმა ჯარისკაცებმა ტყვედ აიყვანეს.


