მოლდოვას პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, გაიხსნა ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც ქვეყანას რუმინეთთან და ევროპის ელექტროგადამცემ ქსელთან აკავშირებს.
მაია სანდუმ ტვიტერზე დაწერა: „დღეს ჩვენ გავხსენით ვულკანეშტი-კიშინიოვის ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც მოლდოვას რუმინეთთან და ევროპის ელექტროგადამცემ ქსელთან აკავშირებს. ათწლეულების განმავლობაში მოსკოვი ენერგორესურსებს ჩვენს შანტაჟისთვის იყენებდა. ეს დასრულდა: მოლდოვა რუსულ გაზს ნულოვანი რაოდენობით ყიდულობს, რუმინეთთან კი კიდევ ორი ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანა იგეგმება. მადლობა ყველას, ვინც ეს შესაძლებელი გახადა“.
2022 წლის ბოლოდან მოლდოვის მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია გაზს მთლიანად ევროკავშირის ბაზარზე ყიდულობს. ამ ცვლილებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუმინეთთან დამაკავშირებელმა გაზსადენმა. ქვეყანა კვლავ დამოკიდებულია გაზის იმპორტზე, თუმცა რუსეთიდან პირდაპირ მიწოდებას აღარ ეყრდნობა.
დნესტრისპირეთში დამოკიდებულება უფრო დიდხანს გაგრძელდა. იქაური ელექტროსადგური რუსულ გაზზე მუშაობდა და მოლდოვის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას საჭირო ელექტროენერგიის დაახლოებით 70–80%-ს აწვდიდა. 2025 წლის იანვარში „გაზპრომმა“ დნესტრისპირეთს მიწოდება შეუწყვიტა, რასაც რეგიონში გათბობის კრიზისი მოჰყვა. მოგვიანებით დნესტრისპირეთისთვის გაზის შეძენა ევროპულ ბაზარზე დაიწყეს, თუმცა შესყიდვას რუსული სესხი აფინანსებდა.


