როგორც Reuters იუწყება, დეზინფორმაციის საკითხებზე მომუშავე ევროპელი სპეციალისტების ანალიზის თანახმად, რუსული ბოტების ქსელი „მატრიოშკა“ საფრანგეთის მოქმედი ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით ყალბ ვიდეოებს დასავლური მედიასაშუალებების სახელით ავრცელებდა.
საფრანგეთში საპროტესტო ტალღების დროს რუსული ბოტების ქსელი Operation Overload, რომელიც „მატრიოშკას“ სახელითაცაა ცნობილი, ფრანგული აუდიტორიისთვის ავრცელებდა ვიდეოებს, რომლებიც დასავლური მედიასაშუალებების მასალებს ჰგავდა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-მა მის ხელთ არსებული ევროპელი დეზინფორმაციის სპეციალისტების ანალიზის საფუძველზე განაცხადა.
ვიდეოებში არეულობის მიზეზად უკონტროლო იმიგრაციას ასახელებდნენ და ქმნიდნენ შთაბეჭდილებას, თითქოს საფრანგეთის მოქმედმა მთავრობამ ვითარებაზე კონტროლი დაკარგა. ზოგიერთ ვიდეოში გავრცელებული იყო ცრუ მტკიცებები, თითქოს მიგრანტები აქციის მონაწილეებს აუპატიურებდნენ. ასევე ვრცელდებოდა ყალბი ცნობები ტერორისტული თავდასხმების მზადების შესახებ. სპეციალისტების დასკვნით, რუსული ანგარიშები ცდილობდნენ, საფრანგეთის მოქმედი ხელისუფლება „სუსტ და სულ უფრო ავტორიტარულ“ ძალად წარმოეჩინათ.
Reuters-ის ცნობით, სპეციალისტებმა სოციალურ ქსელებში 7-დან 21 ოქტომბრამდე გამოქვეყნებული მასალები გააანალიზეს. ამ პერიოდში საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია. „მსგავსი მოვლენები იძლევა შესაძლებლობას, შეარყიონ ეროვნული მთავრობების ავტორიტეტი, გააღვივონ შიში, გახლიჩონ საზოგადოება და არჩევნების წინ საზოგადოებრივი აზრი ჩამოაყალიბონ“, – ნათქვამია ევროკავშირის დოკუმენტში.
მონაწილეობდა თუ არა მოსკოვი უშუალოდ?
ევროკავშირის ექსპერტებმა ვერ იპოვეს მტკიცებულება, რომ რუსეთის ან სხვა ქვეყნების ხელმძღვანელობამ თავისი ქმედებებით საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია ან გააძლიერა. ანალიზში მოყვანილია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებაც, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ 16-დან 18 ოქტომბრამდე სოციალურ ქსელ X-ში პრორუსული ანგარიშებიდან გამოქვეყნებულმა ათმა ყველაზე ნახვადმა პოსტმა ჯამში 2,8 მილიონი ნახვა დააგროვა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Reuters-ის თხოვნას კომენტარის შესახებ არ უპასუხა. სააგენტო იხსენებს, რომ აგვისტოში სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ უარყო საფრანგეთის მხარის ბრალდება, რომ რუსეთი საფრანგეთში 2027 წელს დაგეგმილი არჩევნების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდა. მისი თქმით, ეს „არ იქნება ბოლო გამონაგონი, რომელსაც ხელისუფლება საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებისთვის გამოიყენებს“.
Reuters-ის ცნობით, „მტრულ ნარატივებს“ ისრაელსა და ამერიკულ მოძრაობა MAGA-სთან დაკავშირებული ანგარიშებიც ავრცელებდნენ
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთ შიდა შეფასებაში, რომელსაც Reuters-იც გაეცნო, ნათქვამია, რომ საფრანგეთში არეულობის შესახებ „მტრულ ნარატივებს“ სოციალურ ქსელებში ისრაელსა და ამერიკულ მოძრაობა MAGA-სთან დაკავშირებული ანგარიშებიც ავრცელებდნენ. ისინი არეულობას რადიკალურ ისლამიზმსა და მიგრაციას უკავშირებდნენ. „დეზინფორმაციის საკითხებზე მომუშავე ევროპელი სპეციალისტების აზრით, ეს შეფასებები ერთობლივად აჩვენებს, როგორ ცდილობდნენ გარე ძალები საფრანგეთში შიდა არეულობის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას“, – წერს სააგენტო.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშის თანახმად, ამ პოსტების ნახვების რაოდენობა რუსული ბოტების ქსელების შესაბამის მაჩვენებელს ათჯერ და მეტად აღემატებოდა. 16-დან 18 ოქტომბრამდე სოციალურ ქსელ X-ში საფრანგეთის არეულობის შესახებ გამოქვეყნებულმა ათმა ყველაზე ნახვადმა პოსტმა, რომელთა ავტორებიც „მოძრაობა MAGA-სთან დაკავშირებული ოფიციალური პირები, მედიასაშუალებები და ინფლუენსერები“ იყვნენ, ჯამში 49 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. Reuters-ის ცნობით, იმავე პერიოდში „ისრაელის ოფიციალური პირების, სამთავრობო ანგარიშების, მედიასაშუალებებისა და გავლენიანი პირების“ ათმა ყველაზე ნახვადმა პოსტმა ჯამში 35 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.
მასობრივი საპროტესტო აქციები საფრანგეთში
სექტემბრის ბოლოდან პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში მოსწავლეთა საპროტესტო გამოსვლების ფონზე მასობრივი არეულობა დაიწყო. ცხოვრების გაძვირებისა და სახელმწიფო მომსახურების ხარისხის გაუარესების წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციები კონტროლს გასცდა. ამას მოჰყვა შეტაკებები, რომლებიც საფრანგეთში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი იყო.
ოქტომბრის ბოლოს, სასკოლო არდადეგების პერიოდში, საპროტესტო გამოსვლები ჩაცხრა. თუმცა განათლების სფეროს მუშაკთა პროფკავშირებმა და სტუდენტურმა ორგანიზაციებმა უკვე მოუწოდეს საზოგადოებას, 10 ნოემბერს ახალ საყოველთაო გაფიცვას შეუერთდეს. ისინი განათლების სისტემის დაფინანსების გაზრდას მოითხოვენ. წინა კვირებთან შედარებით დემონსტრანტების რაოდენობა რამდენადმე შემცირდა, თუმცა ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლას შეინარჩუნებენ.


