პარლამენტის პლენარულ სესიაზე ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებული “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითვალისწინებს და რომელმაც უმრავლსეობასა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
კანონპროექტს ხელს აწერენ დეპუტატები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.
ეკა ბესელიას თქმით, ინიციატივა სასამართლო სისტემიდან მოსამართლეების გაშვებას არ ისახავს მიზნად და გარკვეული პირების მიერ გაკეთებული განცხადებები, თითქოსდა კანონპროექტი სასამართლო კორპუსის განახევრებას გამოიწვევს, ხელოვნურად შექმნილი არგუმენტია.
“მოსამართლეებმა პირდაპირი მნიშვნელობით ფეხი დაუბაკუნეს პარლამენტს. მინდა გითხრათ თითეულ თქვენთაგანს, საკმარისი არ არის ვილაპარაკოთ, რომ სამართლიანობა გვინდა, საკმარისი არ არის საუბარი, რომ რეფორმები გვინდა. აღარ არის ამდენი დაპირების დრო, იმიტომ რომ შვიდი წელი ამას ვესაუბრებოდით ადამიანებს. კონკრეტულ ქმედებებს ითხოვენ ჩვენგან. ნუ ამოვეფარებით ხელოვნურად შექმნილ არგუმენტებს, მე მზად ვარ, მოვისმინო რეალური წუხილი თუ აქვთ კოლეგებს, რატომ მიაჩნიათ, რომ მხარი არ უნდა დაუჭიროთ ამ კანონპროექტს, მაგრამ მე არ მინდა მოვისმინო იუსტიციის საბჭოს წევრების სურვილი და ოცნება. ეს არის საქართველოს პარლამენტი, რომელმაც უნდა აჩვენოს, რომ ხალხის ინტერესებს გამოხატავს და არა რამდენიმე ადამიანის, რომელსაც შეუძლია, ულტიმატუმის ენით ელაპარაკოს ქვეყანას. ამას ველოდები ამ დარბაზში დღეს, რომელსაც ასევე ელოდება ჩვენი საზოგადოება, თუ ვინმე ამას ვერ გრძნობს , ეს კიდევ უფრო მძიმე მოცემულობა!”,განაცხადა ეკა ბესელიამ სესიაზე კანონპროექტის წარდგენისას.










