საქართველოს ნაკრების ძალოსანმა, თათია ლორთქიფანიძემ მისი საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან გარიცხვის მიზეზებზე პირად მწვრთნელთან და მამასთან ერთად კვირას პრესსკლუბში ისაუბრა.
სპორტსმენიც და მისი მწვრთნელიც ამტკიცებენ, რომ ის არაერთხელ გახდა ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას მხრიდან შეურაცხყოფის და თავდასხმის მსხვერპლი.
თათია ლორთქიფანიძე განმარტავს, რომ მწვრთნელმა თემურ ჯანჯღავამ მას ფეხმძიმობა დააბრალა.
„იყო ტრენერის მხრიდან ძალიან დიდი ზეწოლა ჩემს მიმართ. ორსულობის თემა დამაბრალა, რაც ჩემთვის ძალიან აღმაშფოთებელი იყო. გაურკვეველ ვითარებაში ვიყავი და ამისათვის ხერხს მივმართე, რომ მშობელი ჩამერია. რა თქმა უნდა, ტრენერისთვისაც უნდა მეთქვა და ამავდროულად ბატონმა კახი კახიაშვილმა ხელწერილი დააწერინა გელას, რომ ვალდებული იყო, თვითონ ჩარეულიყო ამ საქმეში,“ – განაცხადა თათია ლორთქიფანიძემ.
ძალოსნის მამისა და უფლებადამცველის დიმიტრი ლორთქიფანიძის, განცხადებით, მან უკვე მიმართა სახალხო დამცველის აპარატს, რომელმაც ამ საქმის შესწავლა დაიწყო.
“შეურაცხყოფის ფაქტებს, რომელსაც უხვად ჰქონდა ადგილი თემურ ჯანჯღავას მხრიდან თათია ლორთქიფანიძის მისამართით, იქნებოდა ეს აგრესიის გამოვლინება მის მიმართ, ფეხებთან დაფურთხება თუ სხვადასხვა ტიპის ისეთი შეთავაზებები ქალის მიმართ, რომელიც, ალბათ, აბსოლუტურად მიუღებელი იქნებოდა ნებისმიერი ქალბატონისთვის და რასთან დაკავშირებითაც ფორმალურადაც კი, კახი კახიაშვილს არ გაუტარებია არანაირი ზომები,“ – აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
„როდესაც არჩევნები ჩატარდა, გია ასანიძის და მაჭავარიანს შორის, მე მივეცი მაჭავარიანს ხმა, ერთმა ხმამ გადაწყვიტა ეს და იმის მერე არის ეს დაძაბულობა. მე დოპინგი არასდროს არ მიმიცია თათიასთვის. მე მოვითხოვ, ხვალ გასინჯონ, ვითომ შეჯიბრზე გამოვიდა და დავამტკიცებ, რომ თათია სუფთაა,“ – განაცხადა ლორთქიფანიძის პირადმა მწვრთნელმა გელა მახარაშვილმა.














