ფრანგი მილიარდერის ოჯახი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენისთვის 100 მილიონ ევროს გამოყოფს

ფრანგი მილიარდერი და სელმა ჰაიეკის  ქმარი ფრანსუა-ანრი  პინო პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენისთვის 100 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

„მამაჩემმა ფრანსუა პინომ და მე გადაწყვეტილება მივიღეთ კომპანია  100 მილიონი ევრო გამოვყოთ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქციაზე“, – განაცხადა ფრანსუა-ანრი პინომ.

ფრანსუა-ანრი პინო  „კერინგის“ აღმასრულებელი დირექტორია. პინოების ოჯახი ასევე   ფლობს ბრენდებს „გუჩის“, „ივ სენ ლორენს“, „პუმას“, ბალენციაგა და ა.შ. 

სელმა ჰაიეკი და ფრანსუა-ანრი პინო 2009 წლიდან სწორედ პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან ახლოს ცხოვრობენ.

პინოს განცხადება ემანუელ მაკრონის პირობას მოჰყვა, ქვეყნის პრეზიდენტმა ფრანგ ხალხს პირობა მისცა, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი  აუცილებლად აღდგება.

ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ამ დროისთვის სრულად ჩამქრალია. ძლიერ ხანძარს მეხანძრე-მაშველები რამდენიმე საათი ებრძოდნენ. ცეცხლი ღვთისმშობლის ტაძარში გუშინ პარიზის  დროით საღამოს 7 საათზე გაჩნდა.

ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის  სახურავი. მეხანძრეებმა შეძლეს შენობის ძირითადი კონსტრუქციის გადარჩენა. ასევე გადარჩა ტაძარში არსებული რელიკვიები, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი.

ამ ეტაპზე ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზები  უცნობია, თუმცა წინასწარი ვერსიით, ის ტაძარში მიმდინარე სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. ინციდენტის შედეგად ერთი მეხანძრე დაშავდა.