რა მოხდა გუშინ მეტროში-კალაძის განმარტება

დედაქალაქის მერი კახი კალაძე გვიან ღამით მეტროპოლიტენ ნაძალადევი-გოცირიძის მონაკვეთზე მივიდა, სადაც დაზიანებული კაბელის აღდგენით სამუშაოებს გაეცნო.  კალაძის განმარტებით, მეტროპოლიტენში სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება, რომლის დროსაც 450 კილომეტრი ძალოვანი კაბელი მთლიანად შეიცვლება.

„მგზავრების უსაფრთხოებისთვის გაჩერდა ძირითად ხაზზე მგზავრთა გადაყვანა. პრობლემა იყო ის, რომ ძალოვანი კაბელი იყო დაზიანებული. ახლა, ამ წუთში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ზოგადად, ეს არის პრობლემა, თქვენ წარმოიდგინეთ, 66 წელს დაიწყო მეტრომ ფუნქციონირება, შემდეგ ეტაპობრივად, წლების განმავლობაში სხვა და სხვა სადგურები ემატებოდა და მას შემდეგ ეს ძალოვანი კაბელი არ შეცვლილა, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და მეც მთავრობის წინ ვისაუბრე იმასთან დაკავშირებით, რომ მთლიანად 450 კილომეტრი ძალოვანი კაბელის მთლიანი რეაბილიტაცია, ანუ აღდგენა გვაქვს დაგეგმილი. აზიის განვითარების ბანკი გვეხმარება, 17 მილიონი დოლარი გამოყოფილია, ტენდერი ჩატარებულია, გვყავს უკვე კომპანია, რომელიც ამ სამუშაოებს განახორციელებს,“- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს  ბოლოს მეტროსადგურ გოცირიძეზე ელექტროსადენზე ცეცხლი გაჩნდა , რის გამოც მეტროპოლიტენი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში პარალიზებული იყო და მეტროში ჩასულ მგზავრებს უკან აბრუნებდნენ.

ბოლო პერიოდში მეტროში შეფერხებებისა და მგზავრთა ევაკუაციის საკმაოდ ხშირი შემთხვევებია.