ბორჯღალოსნების რიგებში სკანდალია. გუშინ საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ჟვანიამ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ მას მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობაში კონკრეტული პირების პირადი ინტერესების გამო არ გამოიძახებდნენ და მისი დიდი სურვილის მიუხედავად იგი ნაკრებს ვერ დაეხმარებოდა.
დღეს გამოქვეყნებული შემადგენლობა ზურას სიტყვების დამტკიცება აღმოჩნდა და ის მართლაც არ არის მსოფლიო თასის ბორჯღალოსანთა შემადგენლობაში.
ინგლისური უოსპსის ქართველი მორაგბე წელს ძალიან კარგ სეზონს ატარებდა. მან არაერთხელ გამოიჩინა თავი ინგლისის უმაღლეს ლიგაში და პრესის ყურადღების ცენტრში ხშირად ექცეოდა.
ზურა ჟვანია: ,,მივმართავ ყველა გულშემატკივარს. მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა დაფასებისთვის, გულშემატკივრობისთვის…..სამწუხაროა, რომ წელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვერ დავეხმარები.
მინდა იცოდეთ, რომ ეს ჩემი პირადი სურვილის გამო არ მომხდარა! ისევ თქვენი და საქართველოს გულისთვის მინდოდა მეთამაშა, განსაკუთრებით რუსეთის წინააღმდეგ! მაგრამ მოხდა შემდეგი: კონკრეტული ადამიანების პირადი ინტერესების გამო, ვერ ვიღებ მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატზე. ცუდია რომ სარაგბო სამყაროში ვიღაცის ინტერესები გადამწყვეტია!
მაგრამ იცოდეთ, მე აუცილებლად გაგახარებთ! ჩემს ქვეყანაში თუ ამის უფლებას არ მაძლევენ, იძულებული ვიქნები, სხვა ქვეყნიდან გავაკეთო ეს. მინდა, წარმატება ვუსურვო ჩემს მეგობრებს, საქართველოს ნაკრებს. მადლობა ყველა თქვენთაგანს ყურადღებისთვის.
დასმულ კითხვებს წინასწარ ვცემ პასუხებს. ვისაც ენდომება ამ თემაზე საუბარი, ყველასთვის გახსნილი იქნება, რადგან არ ვარ პირველი, მაგრამ მინდა ვიყო უკანასკნელი, ვისაც უსამართლობა შეემთხვა და მომავალში სხვაც არ აღმოჩნდეს ჩემს სიტუაციაში
საქართველოში ჩამოვედი საქართველოსთვის და თქვენთვის, ჩემი გულშემატკივრებისთვის, მაგრამ მინდა ვისაუბრო ამ საკითხზე და ისე დავბრუნდე უკან ღირსეულად. მინდა საქართველო და თქვენ კიდევ ბევრჯერ გაგახაროთ!!!”
როგორც აღვნიშნეთ, მილტონ ჰეიგმა იაპონიაში გასამართი მსოფლიო თასისთვის ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა დღეს წარადგინა და განაცხადა, რომ მორაგბეების თამაშს აქტიურად აკვირდებოდა და ნაკრებში გამოძახებისას ითვალისწინებდა მათ სპორტულ ფორმას.
წარმოგიდგენთ ბორჯღალოსნების გაფართოებულ შემადგენლობას:
შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი, კარლენ ასიეშვილი, გურამ გოგიჩაშვილი, გიორგი თეთრაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, შალვა მამუკაშვილი, ვანო კარკაძე, გიორგი ჭყოიძე, ლევან ჩილაჩავა, ბექა გიგაშვილი, ლაშა ტაბიძე, გიორგი მელიქიძე, კოტე მიქაუტაძე, გიორგი ნემსაძე, შალვა სუთიაშვილი, ნოდარ ჭეიშვილი, ბექა საღინაძე, დავით გიგაური, გრიგორ ქერდიყოშვილი, ლაშა ლომიძე, ოთარ გიორგაძე, საბა შუბითიძე, გიორგი თხილაიშვილი, გიორგი ცუცქირიძე, ბექა ბიწაძე, ბექა გორგაძე.
ხაზის მოთამაშეები: ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე, გიორგი ბეგაძე, ლაშა ხმალაძე, თედო აბჟანდაძე, რევაზ ჯინჭველაშვილი, გიორგი აფციაური, ლაშა მალაღურაძე, ზურაბ ძნელაძე, მერაბ შარიქაძე, თამაზ მჭედლიძე, დავით კაჭარავა, გიორგი კვესელაძე, მირიან მოდებაძე, ალექსანდრე თოდუა, მერაბ კვირიკაშვილი, სოსო მათიაშვილი.
2019 წლის მსოფლიო თასი იაპონიაში 20 სექტემბერს აიღებს სტარტს. საქართველოს ნაკრები D ჯგუფში ავსტრალიასთან, უელსთან, ფიჯისთან და ურუგვაისთან ერთად იასპარეზებს.














