ადამიანის ოპტიმიზმი ასაკთან ერთად იმატებს. ახალი კვლევა

კალიფორნის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევის მიხედვით ადამიანის ოპტიმიზმი გარკვეულწილად ასაკთან არის დაკავშირებული.
ოპტიმიზმი ყველაზე დაბალია 25-დან 29 წლამდე ასაკის ადამიანებში. შემდეგ ის სტაბილურად იზრდება და პიკს აღწევს 55 წლის ასაკში აღწევს. ამის შემდეგ ოპტიმიზმი ისევ თანდათან იკლებს, თანაც  მნიშვნელოვანი ინდივიდუალური განსხვავებებით.
ზოგადად, ოპტიმიზს დადებითი გავლენა აქვს ჩვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ეს უამრავი კვლევით არის დადასტურებული. ოპტიმიზმში იგულისხმება ადამიანის მიდრეკილება, ჰქონდეს ცხოვრებისგან უფრო დადებითი მოლოდინი. ასეთ ადამიანებს როგორც წესი უფრო ჯანმრთელი ფსიქიკა აქვთ, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობაც უფრო დიდია, აქვთ შედარებით კარგი სოციალური ურთიერთობები და პრობლემებთან გამკლავების უკეთესი უნარი.
თუმცა აქამდე ნაკლებად იყო შესწავლილი რა კავშირშია ოპტიმიზმი ასაკთან და როგორ იცვლება ის კონკრეტულ ადამიანში დროთა განმავლობაში.
ასევე საინტერესოა ის, თუ რა გავლენას ახდენს ოპტიმიზმზე სხვადასხვა ასაკში მიღებული დადებითი და უარყოფითი ცხოვრებისეული გამოცდილება.
კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარები თავიდანვე ვარაუდობდნენ, რომ ასაკთან ერთად, ადამიანის ოპტიმიზმის ხარისხი იცვლება: ის ხან იკლებს, ხან მატულობს. მეცნიერებმა გადაწყვიტეს ეს თეორია გადაემოწმებინათ და ოპტიმიზმის ცვალებადობის ტენდენციები მეცნიერულად შეესწავლათ. ამავე დროს დაედგინათ ისიც, ახდენს თუ არა გავლენას ისეთი ფაქტორი, როგორიც არის სქესი. შედეგად კი დაასკვნეს, რომ ოპტიმიზმის ხარისხზე სქესი არ მოქმედებს.
კვლევა 7 წლის მანძილზე გრძელდებოდა და მასში ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ჯგუფისთვის თავიდან სულ რამდენიმე ტრადიციული, ძალიან მარტივი კითხვა შეარჩიეს, რომლებზეც მონაწილეებს დადებითი ან უარყოფითი პასუხი უნდა გაეცათ:
• გაურკვევლობის დროს, ძირითადად საუკეთესო მოლოდინი მაქვს
• თითქმის არ ხდება ისე, როგორც მე მინდა
• მომავალს ყოველთვის ოპტიმისტურად ვუყურებ
• კარგი რამ იშვიათად მემართება
შემდეგ, მონაწილეებს 54 კითხვას უსვამდნენ, რაც მათ სავარაუდო ცხოვრებისეულ გამოცდილებას უკავშირდებოდა. მაგალითად: “ბოლო 3 თვეში უარეს ბინაში გადავედი”, “გასულ წელს ძვირფასი მეგობარი შევიძინე”, “ბოლო 3 თვეში სამსახური დავკარგე”, “ბოლო წელს ჩემთვის მნიშვნელოვანი განათლება მივიღე” და ასე შემდეგ.
გაირკვა, რომ ოპტიმიზმი იზრდებოდა იმ ადამიანებში, რომელთაც უახლოეს წარსულში ხელფასი მოუმატეს, უნივერსიტეტი დაამთავრეს, ან რომანტიულ ურთიერთობებში იმყოფებოდნენ, რაც ბუნებრივია. თუმცა, მეცნიერების გაოცება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ გამოკითხულ ოპტიმისტებში უარყოფითი მოვლენების მიუხედავადაც კი ოპტიმიზმი არათუ არ მცირდებოდა, არამედ იზრდებოდა კიდევაც.