ავტომრბოლელების აქცია ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით


საავტომობილო სპორტის მმართველი ორგანიზაციის შენობასთან შოთა აფხაზავას გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა.

აფხაზავას გადადგომასთან ერთად, აქციის მონაწილეებს კიდევ ერთი მოთხოვნა აქვთ: გამგეობამ უზრუნველყოს კლუბების მიღება ფედერაციის წევრებად და 2018 წლის დასრულებამდე გამგეობის ყრილობა ჩატარდეს.

ავტოსპორტის ფედერაციამ შეკრებილი სპორტსმენების და სხვადასხვა კლუბის წარმომადგენლების მოთხოვნები ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გადაწყდა რომ 25 დეკემბერს გაიმართება ე.წ. საშუამავლო ყრილობა, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის თარიღი განიხილება.

აქციის მსვლელობისას სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, თუმცა საბოლოოდ გამგეობამ კლუბების ფედერაციის წევრებად მიღების პროცესი დაიწყო. ასევე გაირკვა რომ ფედერაციის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს პროფესიონალი ავტომრბოლელი მევლუდ მელაძეც, რომელიც დღევანდელი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდათ.