ბილ გეიტსი: სწორი მოქმედებით, ქვეყნები 6-10 კვირაში აღადგენენ რეჟიმს

Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი კორონა ვირუსის პირობებში მოსახლეობას თავის შთაბეჭდილებებს უზიარებს, თუ როგორ უნდა მოემზადონ ქვეყნები უკეთესი შედეგებისა და სტრატეგიისთვის ვირუსთან ბრძოლაში. ის ასევე საუბრობს იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობამ.

Reddit-ის ფორუმზე მან საზოგადოებას მოუწოდა შეინარჩუნოს სიმშვიდე. ფორუმში მონაწეილეებმა მას ჰკითხეს, თუ რამდენ ხანს შეიძლება გასტანოს პანდემიამ და როდემდე შეიძლება გაგრძელდეს არსებული, არაორდინალური სიტუაცია. ამ კითხვაზე ბილ გეიტსმა თქვა, რომ “თუ ქვეყანა კარგად მოქმედებს ტესტირების, იზოლაციის კუთხით, მაშინ 6-10 კვირაში ისინი დაინახავენ, რომ მხოლოდ დაინფიცირების რამდენიმე შემთხვევა აქვთ და კვლავ აღადგენენ ჩვეულ რეჟიმში ცხოვრებას“.

საგულისხმოა, რომ ბილ გეითსი დიდი ხანია ჩართულია ჯანდაცვის საკითხების გადაჭრით მთელს მსოფლიოში. “ბილ და მელინდა გეითსის ფონდი” ქველმოქმედებას ეწევა და ჯანდაცვის გამოწვევებთან გასამკლავებლად, აფრიკის ქვეყნების დახმარებითაა დაკავებული.

“სწორი მოქმედებებით, მათ შორის, ტესტირებებით და სოციალური დისტანცირებით 2-3 თვეში მდიდარი ქვეყნები შეძლებენ თავიდან აიცილონ ინფექციის მაღალი დონე. განვითარებად ქვეყნებს რაც შეეხება, ძალიან ვწუხვარ ეკონომიკური ზიანის გამო. თუმცა, კიდევ უფრო უარესი იქნება ის, რომ პანდემიამ შეიძლება უფრო მეტად იმოქმედოს განვითარებად ქვეყნებზე, სადაც ადამიანებს არ შეუძლიათ სოციალური დისტანცირება ისე, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია შესაძლებელი და იქ, სადაც საავადმყოფოების შესაძლებლობები გაცილებით დაბალია“ – აღნიშნა ბილ გეითსმა.

წყარო: ამერიკის ხმა