ჩინეთის ჩრდილოეთით ერთ ერთი სკოლის დირექტორმა უარი თქვა დილის ვარჯიშების დამტკიცებულ სახელმწიფო პროგრამაზე და ამის ნაცვლად მოსწავლეებთან ერთად ცეკვა ამჯობინა. ჩინური მედია წერს, რომ არ არის გამორიცხული ამის გამო მამაკაცმა სამსახური დაკარგოს.
გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ შანსის პროვინციის ერთ ერთი სკოლის დირექტორი 40 წლის ჩჟან პენფეი პირადად ცეკვავს ბავშვებთან ერთად. მასთან ერთად მოძრაობებს კოლეგებიც იმეორებენ. დირექტორი განმარტავს, რომ ცვლილებების გატარება ნოემბერში გადაწყვიტა, რადგან არც ბავშვებს და არც მასწავლებლებს ჩვეულებრივი ვარჯიშები არ აინტერესებდათ და ბავშვები ძალიან დიდ დროს ატარებდნენ გაუნძრევლად. დირექტორმა თვითონ შეისწავლა ცეკვა და შემდეგ ბავშვებსაც შეასწავლა.
თავიდან მასწავლებლების ნახევარი წინააღმდეგ იყო, თუმცა საბოლოოდ აზრი შეიცვალეს, რადგან მხნე და ენერგიული მუსიკა ბავშვებზე კარგად მოქმედებდა. ჩვეულებრივ ვარჯიშებზე სკოლაში დეკემბერში საბოლოოდ თქვეს უარი.
ჩინეთის სკოლებში 1951 წლიდან დილის ვარჯიში სავალდებულო გახდა. გარკვეული პერიოდის მანძილზე მსგავსი ვარჯიში სახელმწიფო დაწესებულებებშიც სავალდებულო იყო, თუმცა ამჟამად ეს პრაქტიკა შეიცვალა. ჩინური მდიის ცნობით ინსპექტორები პერიოდულად ამოწმებენ სკოლებს, იცავენ თუ არა ამ წესს.
ჩინურ საზოგადოებაში აზრები ორად არის გაყოფილი ერთ კონკრეტულ სკოლაში დანერგილ სიახლესთან დაკავშირებით. ნაწილი თვლის, რომ მთავარია ბავშვებმა იმოძრაონ და არ აქვს მნიშვნელობა, ცეკვა იქნება ეს თუ ტრადიციული ვარჯიშები. მეორე ნაწილი თვლის, რომ სავარჯიშო პროგრამა არ დაინერგებოდა, სასარგებლო და ეფექტური რომ არ ყოფილიყო. თავად ბავშვების დიდი ნაწილი კი ამბობს, რომ მათთვის ცეკვა უფრო სახალისოა, ვიდრე მოსაწყენი ვარჯიშები.