COVID-19-ით ინფიცირებულ მამაკაცს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა – სოლოღაშვილი

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილის თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც დადასტურებული აქვს კორონავირუსი და მესამე კვირაა კლინიკაში მკურნალობს, ოპერაცია გაუკეთეს.

,,ახალგაზარდა მამაკაცს ორი დღის წინ დაეწყო შეტევითი ხასიათის ტკივილები, შევეცადეთ ტკივილი კუპირებულიყო კონსერვატიული მკურნალობით, მაგრამ 2 დღის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა. საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა – ქოლეცისტექტომია, ნაღვლის ბუშტში იყო კენჭები. მოგეხსენებათ, პერსონალის საკმაოდ ახლო შეხება სერიოზულ რისკებს წარმოადგენდა ოპერაციისთვის, საბედნიეროდ, ბოქსირებულ სექტორში არის საოპერაციო, სადაც იზოლირებულად მოხდა ოპერაციის ჩატარება”,- ამბობს სოლოღაშვილი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ პაციენტი თავს ახლა კარგად გრძნობს და დღეს წამოაყენეს კიდეც.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 539 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 178 გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 ადამიანი გარდაიცვალა.