ამიერიდან, ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, 3.5 ტონამდე წონის მსუბუქი და კომერციული ავტომობილი ვერ გაიყიდება, თუ ის სტაბილიზაციის ელექტრონული სისტემით (ESP) არ იქნება აღჭურვილი. ეს მოთხოვნა 1 ნოემბრიდან ამოქმედდა და მომავალი წლიდან ის ყველა ტიპის ავტომობილისთვის სავალდებულო გახდება.
აღსანიშნავია, რომ ეს სისტემა ისედაც საკმაოდ გავრცელებულია არამხოლოდ ევროპის, არამედ ამერიკის და იაპონიის ბაზრებზეც. მაგალითად, ევროპაში წელს გაყიდული ავტომობილების 84 პროცენტი სტაბილიზაციის ელექტრონული სისტემითაა აღჭურვილი. მთელი მსოფლიოს მასშტაბით კი ეს მაჩვენებელი (განვითარებადი ქვეყნების ბაზრების ხარჯზე) 59 პროცენტია.
პირველებმა სტაბილიზაციის ელექტრონული სისტემა კომპანია Robert Bosch GmbH-მ და Mercedes-Benz-მა 1992 წელს შეიმუშავეს, მისი სერიული წარმოება კი 1995 წელს დაიწყეს. მას შემდეგ, ეს სისტემა 100 მილიონზე მეტი ეგზემპლარი დამზადდა. Bosch-ის ინფორმაციით, სტაბილიზაციის ელექტრონულ სისტემის წყალობით, ევროპის მასშტაბით, 190 000-ზე მეტი ავარია იქნა თავიდან აცილებული და 6000-ზე მეტი სიცოცხლე გადარჩა.
როგორც გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ნორმალურ პირობებში მოძრაობისას, ESP-ს დახმარებით, საგზაო შემთხვევების დაახლოებით 20 პროცენტის თავიდან აცილება ხერხდება. სველ და მოყინულ გზებზე კი სისტემა საგზაო შემთხვევების დაახლოებით 30-40 პროცენტით შემცირებას უწყობს ხელს.