ევროპის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი ნაკრებთან ერთად თბილისში დაბრუნდა

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები თბილისში დაბრუნდა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები რომში გამართული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სამშობლოში – 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მესამე გუნდური ადგილი დაიკავა.

ქართველ ფალავნებს აეროპორტში დახვდნენ და წარმატება მიულოცეს – განათლების, მეცნიერების, კუტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ, სპორტულმა ჟურნალისტებმა, გულშემატკივრებმა და ოჯახის წევრებმა.

რომში ევროპის ჩემპიონი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი გახდა, რომელმაც ფინალური შეხვედრა პოლონელ რობერტ ბარანს 11:0 მოუგო და ევროპირველობის გამარჯვებული მეორედ გახდა. ვერცხლის მედალი ბექა ლომთაძემ (61 კგ) დაისაკუთრა, ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (96 კგ).

რომში იასპარეზა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმაც და 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. კონტინენტის ვიცე-ჩემპიონები იური ლომაძე (72 კგ) და მძიმეწონოსანმა ლევან არაბული გახდნენ. ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ამირან შავაძემ (60 კგ) და ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ).