Forbes: რუსეთის არმია 50 ათასი უკრაინული დრონის შეტევის მოსაგერიებლად ემზადება

ამერიკული ჟურნალი Forbes აღნიშნავს, რომ ინტერნეტის რუსულენოვანი სეგმენტი აქტიურად განიხილავს ათიათასობით უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის  შეტევას რუსეთის ჯარებზე, რომელიც, სავარაუდოდ მზადდება კიევში და რომელმაც შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს მდგომარეობა ფრონტის ხაზზე.

ოლექსი არესტოვიჩმა ჯერ კიდევ იანვარში, როდესაც ის უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი იყო,  ისაუბრა მოახლოებულ თავდასხმაზე, თებერვალში კი უკრაინის გენერალურმა შტაბმა გამოაცხადა „მსოფლიოში პირველი უპილოტო საფრენი აპარატების  შემტევი ბატალიონის“ შექმნა.

ერთ–ერთი რუსული ტელეგრამის არხის თანახმად, უკრაინამ ჩინეთში იყიდა ყველა კომპონენტი, რომელიც ხელმისაწვდომია ბაზარზე შედარებით იაფი FPV დრონებისთვის, რომლებიც აღჭურვილია ვიდეოკამერებით (“არაზუსტი შეფასებით, 50 000-100 000 ცალი”).

ეს დრონები ზომით უფრო მცირეა ვიდრე სტანდარტული კვადკოპტერები, მაგრამ აღჭურვილია მძლავრი ძრავებით, რომლებიც საშუალებას აძლევს დრონს მიაღწიოს 200 კმ/სთ სიჩქარეს.

საკმარისია მასზე ყუმბარის მიმაგრება და დრონი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც რადიომართვადი კამიკაძე რობოტი, რომელსაც შეუძლია საკმაოდ ზუსტად დაარტყას სამიზნეებს საკმაოდ დიდ მანძილზე ოპერატორისგან, რომელიც მას ვიდეოკავშირით აკონტროლებს.

ეს ტაქტიკა შეიარაღებულმა ძალებმა პირველად წარმატებით გამოიყენეს გასული წლის ივლისის ბოლოს, იხსენებს Forbes-ი, როდესაც იმპროვიზირებული FPV დრონი რუსული სამხედროების მიერ დაკავებული შენობის კარში შეფრინდა და შიგნით აფეთქდა.

მას შემდეგ ასეთი თავდასხმები ფართოდ გავრცელდა. ქსელში შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოები, რომლებშიც იმპროვიზირებული რადიომართვადი კამიკაძე თავს ესხმის რუსულ ტანკებს (დრონს თავისუფლად შეუძლია ტანკის გახსნილ ლუქჩში მოხვედრა) ან სანგრებში მყოფ რუსულ დანაყოფებს, რომლებსაც მიწიდან პირდაპირი ცეცხლით ვერ მიწვდები.

Forbes-ის თანახმად, ასეთი დრონების სახეობების მინიმუმ ნახევარი წარმატებულია, ანუ ისინი ხვდებიან დანიშნულ მიზანს – იმისდა მიუხედავად, რომ “სხვა მართვად იარაღთან და მოძრავ საბრძოლო მასალასთან შედარებით, ისინი იაფი და ადვილად ხელმისაწვდომია”.

გამოცემას მოჰყავს გამოთვლები, რომლის მიხედვითაც თითოეული ასეთი იმპროვიზირებული კამიკაძის შექმნა მხოლოდ რამდენიმე ასეული დოლარი ღირს, რაც ბევრად იაფია, ვიდრე ჩვეულებრივი მაღალი ხარისხის კვადროკოპტერიც კი – რომ  აღარაფერი ვთქვათ ირანულ “შაჰედებზე”, რომელთაგან თითოეულში მოსკოვი ზოგიერთი შეფასებით, 20-დან 50 ათას დოლარამდე იხდის.

50,000 დრონის  შეტევა, აღნიშნავს რუსული ტელეგრამის არხი “Русский инженер“, შეიძლება გახდეს უპრეცედენტო მასშტაბის თავდასხმა. იმის გათვალისწინებით, რომ ეს დრონები ძალიან მდგრადია რადიოხელშეშლების მიმართ და მათი შეჩერება ჩვეულებრივი ჩამხშობებით შეუძლებელი იქნება.

მფრინავი კამიკაძეების შეტევა შესაძლოა ტალღისებური იყოს,  ურტყას რუსეთის პოზიციებს მანამ, “სანამ ყველა სამიზნე არ განადგურდება”. შეგახსენებთ, რომ  ერთი დღის წინ, ტულას მახლობლად დრონის აფეთქებამ, რომელშიც მოსკოვმა უკრაინა დაადანაშაულა, 8 მეტრის სიღრმის კრატერი დატოვა.