Chanel-ის ახალი კრეატიული დირექტორის ვინაობა ცნობილია

Chanel-ის კრეატიული დირექტორის, კარლ ლაგერფილდის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე ფრანგულმა მოდის სახლმა ლეგენდარული დიზაინერის მემკვიდრე დაასახელა. ლაგერფილდის პოსტს მისი თანაშემწე, ვირჯინი ვიარი დაიკავებს.
ჭორები იმის შესახებ, რომ ვირჯინი ლაგერფილდის ადგილს დაიკავებდა, ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ გაჩნდა. ფრანგი ქალბატონი უკვე 30 წელზე მეტია დიდი დიზაინერის ასისტენტია. ლაგერფილდი მას “თავის მარჯვენა ხელად“ თვლიდა. მოდის სამყაროში კი მას ბრენდის რუხ კარდინალს უწოდებდნენ. ადრე ვირჯინის ბრენდის სტუდიური დირექტორის თანამდებობა ეკავა და პროცესის ტექნიკურ მხარეს აკონტროლებდა. ბოლო დროს კი Chanel-ის ყველა ხაზის კონტროლი დაიწყო.
ბოლო დროს ვიარი ხშირად გამოდიოდა ჩვენებების ბოლოს ლაგერფილდთან ერთად. 22 იანვარს კი როცა მაესტრო პარიზში ჩვენებას ვერ დაესწრო, ქალი აუდიტორიასთან მისასალმებლად მარტო გამოვიდა.

ვირჯინი საფრანგეთში, დიჟონში დაიბადა. ბავშვობიდან იტაცებდა ჭრა–კერვა. 20 წლის ასაკში საკუთარი ბრენდისთვის – Nirvana ქმნიდა სამოსს. ლაგერფილდის მომავალი მემკვიდრე Chanel-ში სტაჟიორად 1987 წელს მივიდა. ლაგერფილდი გოგონას ნიჭით მალევე მოიხიბლა და ვიარი მისი თანაშემწე გახდა. წლების შემდეგ კი ლაგერფილდი ამბობდა, რომ მისმა თანაშემწემ “სრულყოფილების ზღვარი გადალახა“.

ლაგერფილდი 19 თებერვალს მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. დაუდასტურებელი ინფორმაციით მას კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო ჰქონდა. მთელი მსოფლიოს გარშემო ცნობილი ვარსკვლავები მთელი დღეა მისი გარდაცვალების გამო დიდ მწუხარებას გამოთქვამენ.