ჰარვი ვაინშტეინის საქმის მოწმემ სასამართლოში განაცხადა, რომ ის ინტერსექსუალია

დასავლური მედია განაგრძობს 67 წლის კინოპროდიუსერის, კომპანია Miramax Films–ის დამფუძებლის, ჰარვი ვაინშტეინის სასამართლო პროცესის დეტალურ გაშუქებას. მოსამართლე ბრალდების მხარეს უსმენს. გასულ კვირას გადატანილი ძალადობის შესახებ სასამართლოზე ჯესიკა მანმა ისაუბრა.

ქალმა აღიარა, რომ ყოფილ პროდიუსერთან მის კავშირს როგორც ნებაყოფლობითი, ასევე ძალადობრივი ხასიათი ქონდა. ქალი მას ძალადობის ორ შემთხვევაში დებს ბრალს. მანმა სასამართლოს სხდომაზე ვაინშტეინთან მისი ურთიერთობის დეტალებზე ილაპარაკა და ივარაუდო, რომ ის ინტერსექსუალია.

ინტერსექსუალი არის ადამიანი, რომლის სქესობრივი ნიშნები არ შეესაბამება მისი ბუნებრივი სქესის ტიპიურ აღნაგობას.
“როდესაც პირველად დავინახე შიშველი, სიბრალული ვიგრძენი: ვიფიქრე, რომ ან დასახიჩრებულია, ან ინტერსექსუალი. შრამი ქონდა, თითქოს დამწვრობისგან და პრაქტიკულად არ ქონდა სათესლე ჯირკვლები “– თქვა მანმა.

მედია წერს, რომ როცა ქალი ამას ამბობდა, დარბაზში მჯდომმა ვაინშტეინმა თავი ჩახარა.

ჯესიკა მანი ოდესღაც მსახიობობაზე ოცნებობდა. მან პროდიუსერი ჰოლივუდში წვეულებაზე 2012 წელს გაიცნო. მათი ურთიერთობა 2016 წლის ოქტომბერში შეწყდა.

ჯვარედინი დაკითხვის დროს ვაინშტეინის ადვოკატმა კითხა, რატომ გადაწყვიტა მანმა სექსუალური ურთიერთობა ქონოდა ცოლიან მამაკაცთან, რაზეც ქალმა უპასუხა, რომ ვაინშტეინს ცოლთან, ჯორჯინა ჩაპმანთან “თავისუფალი ურთიერთობები“ ქონდა. ვაინშტეინის დაცვა ცდილობს დაამტკიცოს, რომ მისი მხრიდან ძალადობას ადგილი არ ქონია, მსხვერპლი ქალები კი, რომლებიც მას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ, ნებაყოფლობით ამყარებდნენ მასთან სექსუალურ ურთიერთობებს.