ვიქტორია ბექჰემმა კარგად იცის როგორ შეუხამოს იდეალურად ტანსაცმლის და აქსესუარების ფერები ერთმანეთს. სტილისტები ამტკიცებენ, რომ ბრიტანული მოდის კერპის ჩაცმულობით შეგიძლიათ ფერთა შეხამების ნამდვილი სახელმძღვანელო შეადგინოთ , და ეს ფერთა შეხამება მოდიდან არასოდეს გადავა. დღეისათვის ოთხი შვილის დედა, ცნობილი ფეხბურთელის მეუღლე და ბრიტანეთის ერთ–ერთი ყველაზე ნიჭიერი დიზაინერი სთრითსთაილის დამწყები ვარსკვლავების, ბლოგერების და ფეშენ ინფლუენსერების ნამდვილი მისაბაძი მაგალითია.
ვიქტორიას საიდუმლო მარტივია – მას არ ეშინია ექსპერიმენტების, არასდროს ღალატობს საკუთარ თავს და ზუსტად იცის რა უხდება. თუ ტანსაცმელში მკვეთრ ფერებს ირჩევს, მისის ბექჰემი ამ შემთხვევაში კლასიკურ თარგს და ლაკონურობას ანიჭებს უპირატესობას. მას უყვარს ძვირფასი აბრეშუმის პერანგები, ტანზე მომდგარი კაბები, ფერადი ფეხსაცმელი ქერი ბრედშოუს სტილში და რა თქმა უნდა, დიდი ქლაჩები. ეს ყველაფერი მის განუმეორებელ იმიჯს ქმნის და ბრიტანული მოდის ინდუსტრიის დედოფლის სტატუსს დიდი ხანია უნარჩუნებს.