სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა:
“თქვენო აღმატებულებავ ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენო ყოვლად სამღვდელოება, სულიერო შვილებო. პატრიარქობის 41 წელი მძიმე იყო, მაგრამ მუდამ ვგრძნობდი თქვენს დახმარებას და ღვთის ლოცვა-კურთხევას. ეს ლოცვა-კურთხევა ღვთის თანმდევი იყო მუდამ, სადაც კი ვიყავი. წყალობა შენი უფალო თანამავალ მეყავ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა.
ჩვენი ერი მოსიყვარულე ერია. თქვენ სიყვარული რომ არყოფილიყო, ვერ შევძლებდი, ბოლომდე მიმეტანა ეს ჯვარი. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ. დიდება და მადლობა ღმერთს”, განაცხადა ილია მეორემ.
წირვას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ესწრებოდნენ.
25 დეკემბერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების დღეა. ამასთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღმთო ლიტურგია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. მას სახელად ილია მეორე ეწოდა.
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია და 30-ზე მეტი მოქმედი ტაძარი იყო. დღეისათვის სულ 46 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი 47 მღვდელმთავარია, მათგან 2 ტიტულარული. გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რაოდენობა. დღეისთვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერი და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონია