კორონავირუსით ინფიცირებულთა უმაღლეს რიცხვს აპრილის პირველ კვირაში ვვარაუდობთ- ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთა უმაღლეს რიცხვს, აპრილის პირველ კვირაში ვარაუდობენ.

მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პიკი შეიძლება გვქონდეს, მარნეულის შემთხვევაა.

,,იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ დღესდღეობით კარანტინის სივრცეებში გვყავს 4500 ადამიანი და იმ სტატისტიკით, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით. ჩვენს კარანტინში მყოფი პირების ორკვირიანი პერიოდი გადის სწორედაც რომ აპრილის პირველ კვირაში და შესაბამისად მათი მოცულობიდან გამომდინარე ყველაზე დიდი მოლოდინი, რომ გამოგვივლინდეს უმაღლესი რიცხვი, რასაც ველოდებით არის აპრილის პირველი კვირა.

კიდევ ერთი მიზეზი რის გამოც შესაძლოა გვქონდეს პიკი, არის მარნეულის რეგიონი. სადაც ჩვენ ვიკვლევთ 150 ათას მოსახლეს და რა თქმა უნდა, აქაც არსებობს გარკვეული მოლოდინი, რომ შეიძლება გვყავდეს COVID-19-ით დაინფიცირებული მოსახლეობა. წარმოუდგენელ შრომას დებენ ის ადამიანები ვინც ახლა მარნეულში პირველ ხაზზე მუშაობენ და საკუთარი ჯანმრთელობის ფასად იკვლევენ ამ მოქალაქეებს”,- განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კიდევ 10 დღე ვიქნებით პრე-კრიტიკულ ​ფაზაში, ხოლო შემდეგ შეიძლება კრიტიკულ ფაზაში შევიდეთ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 75 შემთხვევაა, მათგან 10 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252 .