ცოტა ხნის წინ პოპულარული ამერიკელი ვარსკვლავი ლედი გაგა ქართველი დიზაინერის აკა ფროიდიშვილის ტანსაცმელში გამოჩნდა. ამის შესახებ ვრცელი სტატია ჟურნალმა „ვოგ“–მა დაწერა. პაპარაცებმა ვარსკვლავი ქართველი დიზაინერის სამოსით თეატრ აპოლოში დააფიქსირეს. გაგას ფროიდიშვილის კოლექციიდან ეცვა ტყავის ტოპი და მაღალწელიანი ქვედა ბოლო მეტალის ქამრით. მას ასევე ჰქონდა იმავე მასალისგან დამზადებული ხელთათმანები და ეკეთა ფართო სათვალე.
გაგას ეს ლუქი ფროიდიშვილის 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან არის.
აკა ფროდიაშვილი ქართული მოდის ახალბედა დიზანერია. თუმცა მან უკვე მოახდინა შთაბეჭდილება. მისი მეორე ჩვენება თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულზე მაისში ვიხილეთ.
მოდური ჟურნალი წერს, რომ 23 წლის ქართველი დიზაინერი საკუთარი ინდივიდუალური სტილით გამოირჩევა.
მის კოლექციაში იგრძნობა ქვიარ აქტივიზმის გავლენა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ახალგაზრდა დიზაინერმა მხარდაჭერა გამოუცხადა სწორედ ლგბტქ თემს, იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში მარგინალიზებული არიან.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ლედი გაგამ ქართველი დიზაინერის ტანსაცმელი მოირგო, საზოგადოების წინაშე ის თამუნა ინგოროყვასა და ავთანდილის სამოსშიც გამოჩნდა.