მელანია ტრამპმა თეთრი სახლის საშობაო მორთულობისთვის მზადება უკვე დაიწყო

მიუხედავად იმისა, რომ წინ კიდევ ხუთი თვეა, აშშ–ს პირველმა ლედიმ უკვე დაიწყო საშობაო ზეიმისთვის მზადება და დაგეგმვა. საკუთარ ინსტაგრამ გვერზე მელანია ტრამპმა ფოტოების სერია გამოაქვეყნა, რომლებზეც ჩანს როგორ არჩევს დიზაინერთან ერთად ქსოვილის ნიმუშებს თეთრი სახლის საშობაო მორთულობისთვის.

“შობის დაგეგმვა თეთრი სახლის აღმოსავლეთ ფრთაში. მოუთმენლად ველოდები მომენტს, როცა უახლოეს თვეებში შევძლებ გაგიზიაროთ დიზაინის საბოლოო ვარიანტი“– წერს ამერიკის პირველი ლედი.

შეგახსენებთ, რომ დონალდ და მელანია ტრამპები ყოველწლიურად შობა–ახალ წელს თეთრ სახლში ღონისძიებების მთელ სერიას მართავენ. მელანია ყოველთვის აქტიურად მონაწილეობს საზეიმო მზადებაში და ამ საქმეში პროფესიონალ დეკორატორებთან ერთად მოხალისეებსაც რთავს, რომლებიც თეთრ სახლს გირლანდებით, ბურთებით, ცოცხალი და ხელოვნური ნაძვებით რთავენ.

სხვათა შორის, გასულ წელს სოციალურ ქსელებში პირველ ლედის დასცინეს უჩვეულო ნაძვის ხეების გამო, რომლებიც მან თეთრი სახლის გასაფორმებლად შეარჩია. საქმე იმაშია, რომ ზოგიერთი ნაძვისხე ღაჟღაჟა წითელი უცნობი მასალისგან იყო დამზადებული.