Reformerfitness-ის დარბაზს ვქირაობ ჩემს სახლად, მოდით და ივარჯიშეთ – ჯაფარიძე

პარტია გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ბათუმში ჩავიდა და ის ფიტნეს დარბაზი იქირავა, რომელიც დაწესებულ შეზღუდვებს არ ემორჩილება და მუშაობას აგრძელებს.

ჯაფარიძე მოქალაქეებს მიმართავს და ამბობს, რომ მათ, ვისაც ვარჯიში სურთ, შეუძლიათ დარბაზში მივიდნენ.

„ზეპირ ხელშეკრულებას ვდებთ. ვქირაობ მთელ ამ დარბაზს ჩემს საცხოვრებელ სახლად. სანამ რეგულაციები არსებობს, ეს იქნება საცხოვრებელი სახლი. აქ ვაპირებ, რომ ვიცხოვრო, მაქვს სავარჯიშო ინვენტარი, რომელსაც აქირავებს ფართთან ერთად გიორგი და ნებისმიერ ადამიანს, ვინც ბათუმში ან ახლოს ვარჯიშობს და დარბაზები დაუკეტეს, შეგიძლიათ სტუმრად მოხვიდეთ აქ, ჩემთან სახლში და ივარჯიშოთ. ხვალიდან უფლება არ აქვს არავის, რომ აქ შემოვიდეს, იმიტომ რომ ჩემი სახლია“, – აცხადებს ჯაფარიძე.

მისივე თქმით, შრომის ინსპექციას შეუძლია შევიდეს და სალარო აპარატი შეამოწმოს, მუშაობს თუ არა. ჯაფარიძე ამბობს, რომ სალარო აპარატი არ იმუშავებს.

ცნობისთვის, ფიტნესკლუბი რეფორმერი, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებულ რეგულაციებს არ დაემორჩილა და მუშაობა არ შეაჩერა, გუშინ შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა. მისი მესაკუთრე, გიორგი ფუტკარაძე ამბობს, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებს.