ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შეიმუშავა დამატებითი სანქციები, რომლებიც შესაძლოა გამოიყენონ რუსეთის ეკონომიკის სტრატეგიული სექტორების წინააღმდეგ, თუ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გააგრძელებს უკრაინაში ომის შეწყვეტის გადადებას, — წერს Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
ამ კვირაში, ტრამპმა, პირველად თავისი მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში, უკვე შემოიღო რუსეთზე სანქციები. ისინი შეეხო რუსეთის უდიდეს ნავთობკომპანიებს — „როსნეფტს“ და „ლუკოილს“. ამავე დროს, ამერიკის პრეზიდენტმა გააუქმა დაგეგმილი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ბუდაპეშტში.
Reuters-ის ცნობით, აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა ევროპელ კოლეგებს ასევე განუცხადეს, რომ მხარს უჭერენ ევროკავშირის ქვეყნების მიერ გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ამერიკული იარაღის შესაძენად უკრაინისთვის. გარდა ამისა, ვაშინგტონმა დაიწყო იმ შესაძლებლობის განხილვაც, რომ მოხდეს ამერიკაში არსებული რუსული აქტივების გამოყენება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის, — განაცხადა სააგენტოსთან საუბრისას ორმა ამერიკელმა წყარომ.
ჯერ გაურკვეველია,გადადგამს თუ არა ვაშინგტონი ამ ნაბიჯებს უახლოეს პერიოდში, თუმცა ეს მიუთითებს, რომ ადმინისტრაციას აქვს კარგად ჩამოყალიბებული ინსტრუმენტები, რათა კიდევ უფრო გაზარდოს ზეწოლა მას შემდეგ, რაც ტრამპმა რუსეთზე სანქციები უკვე დააწესა, — აღნიშნავს გამოცემა.
„ევროპელი მოკავშირეები, რომლებიც ტრამპის შერიგებასა და გაღიზიანებას შორის მერყეობის გამო მძიმე მდგომარეობაში არიან, იმედოვნებენ, რომ ის კვლავაც გააძლიერებს ზეწოლას მოსკოვზე და საკუთარი სერიოზული ნაბიჯების გადადგმასაც განიხილავენ,“ — ვკითხულობთ სტატიაში.
ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა, რომ სურს, ევროპელმა მოკავშირეებმა გადადგან რუსეთის მიმართ შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც შესაძლოა დამატებით სანქციებს ან გადასახადებს მოიცავდეს. სხვა წყაროს თქმით, ტრამპი სავარაუდოდ რამდენიმე კვირით შეაჩერებს პროცესს, რათა შეაფასოს რუსეთის რეაქცია ოთხშაბათს გამოცხადებულ სანქციებზე.
წყაროების შეფასებით, აშშ-ს მიერ უკვე მომზადებული დამატებითი სანქციების ნაწილი შეიძლება მიმართული იყოს რუსეთის საბანკო სექტორისა და მის ნავთობის გატანის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.
ბოლო კვირაში, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა აშშ-ს მიმართეს ახალი სანქციების შეთავაზებით, — განუცხადა სააგენტოს ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ. წამოჭრილ იდეებს შორის იყო ყველა რუსული ბანკის მთლიანად გათიშვა დოლარის სისტემიდან. ამ ეტაპზე გაურკვეველია, რამდენად სერიოზულად განიხილავს ვაშინგტონი კიევის ამ მოთხოვნებს, — ასკვნის Reuters.















