სკანდალები ოსკარის წინ. ვის მოჭრიან ცერემონიალის ტრანსლიაციიდან

ამერიკის კინოაკადემიამ განაცხადა, რომ ტელემაყრურებელი ოსკარის პრემიების გადაცემის ცერემონიალს სრულად ვერ იხილავს. ოთხი ნომინაციის – საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი, საუკეთესო მონტაჟი, საუკეთესო მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმი და საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა – სარეკლამო პაუზის დროს გამოაცხადებენ, რათა ცერემონიალის ქრონომეტრაჟი შეამცირონ
ამ განცხადებას პროტესტი მოჰყვა. კინოინდუსტრიის 95–მა წარმომადგენელმა, მათ შორის კვენტინ ტარანტნომ და მარტინ სკორსეზემ აკადემიის პრეზიდენტს, ჯონ ბეილის ღია წერილი მისწერეს და გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდეს.

“აქამდე არასდროს აკადემიას მსხვერპლად არ შეუწირავს საკუთარი თავდაპირველი მისიის ფასეულობები. თუ თავად ორგანიზაცია, რომლის მიზანი კინემატოგრაფის დაცვაა არ ანიჭებს მნიშვნელობას გამოჩენილი ფილმების შემქმნელებს, მაშინ ჩვენც არ დავუჭერთ მხარს აკადემიის გადაწყვეტილებას აღნიშნოს კინოს, როგორც თანამედროვე ხელოვნების ფორმის მიღწევები. კინოხელოვნების საფუძვლების მნიშვნელობის დაკნინებ სხვა არაფერია თუ არა მათი შეურაცხყოფა, ვინც მთელი ცხოვრება ამ პროფესიას მიუძღვნა.“

ჯონ ბეილიმ და აკადემიის წევრებმა კინემატოგრაფისტების წერილს უპასუხეს და განაცხადეს, რომ ინფორმაცია არასწორად იქნა გაგებული. მათ დააზუსტეს: ტრანსლიაციას ნაწილობრივ შეამცირებენ და მხოლოდ გამაჯვებულების სცენაზე ასვლა–ჩამოსვლის მომენტებს მოჭრიან. ნომინაციების გამოცხადება და გამარჯვებულის სიტყვა კი კვლავ ეთერში დარჩება.
შეგახსენებთ, რომ ეს ისტორია წლევანდელ “ოსკარზე“ პირველი სკანდალი არ არის. წელს კომიკოსმა კევინ ჰარტმა ცერემონიალის წაყვანაზე უარი თქვა მას შემდეგ, რაც ის ჰომოფობიაში დაადანაშაულეს. ამიტომაც 25 თებერვლისთვის დაგეგმილ ცერემონიალს რამდენიმე წამყვანი ეყოლება.