სოფიო კილაძე: ოკუპანტი ყოველდღიურად ანადგურებს მართლმადიდებლურ ძეგლებს, ხატებს და ფრესკებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ახალი პროექტის “რელიგიები საქართველოში” ფარგლებში დაბეჭდილ ფოტოალბომში თავმოყრილია საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების საკულტო ნაგებობების, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სალოცავების ფოტოსურათები და რელიგიურ ლიდერთა ბიოგრაფიები. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე წყაროს თანახმად, სოფო კილაძემ, თავის გამოსვლაში, საქართველოში არსებულ რელიგიურ მრავალფეროვნებასა და ტოლერანტობის ხანგრძლივ ისტორიაზე ისაუბრა. ამავე კონტექსტში, კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციაზე ისაუბრა.

“დღეს, როცა არაერთი სალოცავი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეა მოქცეული, ოკუპანტი მხარე ცდილობს წაშალოს ქართული კვალი და ამისთვის ისინი ყველაზე ვანდალურ გზას მიმართავენ. ისინი ყოველდღიურად ანადგურებენ მართლმადიდებლურ ძეგლებს, ხატებს, ფრესკებს. სამწუხაროა, რომ მაშინ, როცა სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენელ სასულიერო პირებს აქვთ შესაძლებლობა, გადავიდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამის უფლება არ ეძლევა მართლმადიდებელ ეკლესიას. აღნიშნულ შემთხვევაში, ეთნიკურთან ერთად, სახეზეა რელიგიური ნიშნით ადამიანთა დისკრიმინაციის ფაქტი”, ამბობს სოფო კილაძე.