სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ანტიკორუფციული  სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, სოფელ ჯანდარის ადმინისტრაციულ ერთეულში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ა.მ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ერთი წლის ვადით სარგებლობაში გადაცემის და სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 30 000 ლარი გამოართვა, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით).