ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ უახლოეს დღეებში კიდევ ელოდებიან პაციენტების გამოჯანმრთელებას.
,,უახლოეს დღეებში გამოჯანმრთელებულებს ველოდებით, ტესტირებები ტარდება პერიოდულად 2-4 დღეში უნდა ჩატარდეს განმეორებითი ტესტირება და მიღებული პასუხების მიხედვით ხდება კვლევის გაგრძელება. ძირითადად, პირველად შემოსული პაციენტების რე-ტესტირებით შეიძლება ვთქვათ, რომ კონცენტრაციის მნიშვნელოვანი კლება აღინიშნება, რაც იმის საწინდარია, რომ შემდგომში უკვე მოსალოდნელია უარყოფითი პასუხები“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე ინფორმაციით, დღეს დილით ჩატარებული 10 ტესტიდან ათივეს პასუხი უარყოფითია. კორონავირუსი არ დაუდასტურდა არც ერთ მათგანს. ეზუგბაიას ცნობით, ინფექციურ საავადმყოფოში კვლავ 34 პაციენტი რჩება.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი აღნიშნავს, რომ პაციენტებიდან 2 პირის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, ერთ-ერთის, ასაკოვანი ქალის მდგომარეობა, როგორც ინფექციური კლინიკის დირექტორი განმარტავს, შეიძლება კრიტიკულად ჩაითვალოს.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 79 შემთხვევა ფიქსირდება.