გია გაჩეჩილაძე 13 წლის შემდეგ აღიარებს, რაზე გაურიგდა 2008 წელს სააკაშვილს აქციის დაშლის სანაცვლოდ

მომღერალი გია გაჩეჩილაძე, რომელიც წლების წინ ოპოზიციის საპროტესტო აქციების ერთ–ერთი ლიდერი იყო, ამბობს, რომ 2008 წლის იანვარში “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ გამართული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქცია, მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდთან შეთანხმების შედეგად დაშალა. 2008 წლის იანვარში საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების გამო თბილისში მრავალრიცხოვანი აქციები იმართებოდა. პრეზიდენტ სააკაშვილის კონკურენტი ამ არჩევნებში ლევან გაჩეჩილაძე იყო. 23 იანვარს, ინაუგურაციის პარალელურად საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო მოსახლეობა და პოლიტიკოსები თბილისში იპოდრომის ტერიტორიაზე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტად ინაუგურაციის პარალელურად შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები მიიჩნევდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა და მეორე ტური უნდა გამართულიყო გია გაჩეჩილაძის ძმასა და მიხეილ სააკაშვილს შორის.

“მომინახეს მეგობარი, რომელმაც ძალიან მთხოვა, რომ ავსულიყავი შავნაბადაზე სააკაშვილთან შესახვედრად. ავედით სააკაშვილთან მე და ბიძინა გეგიძე. რო ავედით, ისხდნენ სააკაშვილი, გივი თარგამაძე, ნიკა რურუა და ა.შ. მთხოვდა, რა გავაკეთო, ოღონდ, ახლა შენ გაჩერდიო, პირდაპირ სიტყვებს გეუბნები, მეტს აღარ ვიზამო, რაც მოხდა, მასეთი აღარ ვიქნებიო. მე ვუთხარი, არ გიჯერებ-მეთქი, მომეცი მთელ საქართველოზე სიხშირე-მეთქი, ტელევიზია გამაკეთებინე-მეთქი და კი, ბატონოო, წაიღეო, როგორც კი ეს ამბავი (დასრულდებაო). უბრალოდ, კენია ხო არ ვართო, მილიონი სტუმარი ჩამოდის ინაუგურაციაზეო, ავტეხოთ ახლა სისხლისღვრა, ხო იცი, შეგვიძლიაო და ისეო, რომ თან არავინ გააშუქებსო. კარგი, მომეცი-მეთქი  (სიხშირე), სხვა რა გზა მქონდა. გამორიცხული იყო, რომ ის ხალხი სისხლის ღვრაზე წამეყვანა და წაგვეყვანა… ინაუგურაცია ჩაატარა თუ არა, გადამაგდო მეორე დღესვე”, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.