გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე მარიამ ჯაშის პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი გახდა

გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის“ თანადამფუძნებელი და პოლიტსაბჭოს წევრი გახდა.

მირიან ნიკოლაძემ პარტიის ყრილობაზე განაცხადა, რომ აღნიშნა, პარტიის შეხედულებებთან სრული თანხვედრა აქვს და მათთან ერთად პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას აპირებს.

მანვე აღნიშნა, რომ პარტიასთან ურთიერთობა გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიამდე დაიწყო.

„პოლიტიკური პარტიის თანადამფუძნებელი ვარ ჩემს მეგობრებთან ერთად, ვგულისხმობ საქართველოს პარლამენტის რამდენიმე წევრს. ჩვენ ვართ დიდი ხნის მეგობრები. ამავდროულად, მე ვარ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი. ეს ყველაფერი იყო ჯერ კიდევ ამ ტრაგედიამდე დიდი ხნით ადრე და ბუნებრივია გრძელდება მიუხედავად ჩემი ოჯახური პრობლემებისა, რომელიც უკავშრიდება გიორგის გარდაცვალებას. მე ყოველთვის აქტიური ვიყავი როგორ მოქალაქე. ძალიან ხშირად მიწევდა პოლიტიკურ თემებში მონაწილეობა და ეს გაგრძელდება. რაც შეეხება პარტიის პროგრამას და შეხედულებას, მე მთლიანად ვუერთდები გარდა ჩემი მეგობრული დამოკიდებულებისა, ასევე ჩემი შინაგანი განწყობით, მსოფლმხედველობით, ღირებულებებით. სრული თანხვედრა მაქვს ამ პარტიასთან და რა თქმა უნდა, გავაგრძელებ ამ კუთხით საქმიანობასაც“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ ფორმულასთან ინტერვიუში.

ნიკოლაძე ამბობს, რომ წინასაარჩევნო პროცესში შაქარაშვილის მკვლელობაში დამნაშავე პირების დასჯის შემდეგ ჩაერთვება.

გიორგი შაქარაშვილის ნათესავი ყველას მოუწოდებს, მის პოლიტიკურ აქტივობასა და შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს ერთამენთს ნუ დაუკავშირებენ.

„როდესაც გიორგი მკვლელებს დავაბინავებ როგორც საჭიროა, მერე ჩავერთვები აქტიურად. პოლიტიზირება ამ თემის რომ არ მომხდარიყო, ამაზე ვიკლავ თავს ამდენი ხანია. ყველასთან თხოვნა მაქვს, ეს ორი თემა არ მიაბათ ერთმანეთს. მეგობრებმა მთხოვეს, ვგულისხმობ პარლამენტარებს, ამ პარტიის დამფუძნებლებს. ათასჯერ გამომიცხადეს თანადგომა და მითხრეს, რომ თუ უკმაყოფილო ვიქნებოდი ძიების შედეგებთან მიმართებით, მეორე დღესვე ჩაერთვებოდნენ მაგრამ მე ამაზე განვაცხადე უარი. თუ გამიჭირდება, უდიდესი თანადგომა მაქვს ამ ადამიანების“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტის ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრებმა პარტია “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი” 7 ივნისს დააფუძნეს.

ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის ინფორმაციით, პარტიის ლიდერები არიან ბექა ნაცვლიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე და თბილისის საკრებულოს წევრი ჯაბა ჯიშკარიანი.