ზურაბ დათუნაშვილი: ამ გამარჯვებას ნიკა მელიას და ძმებ წულუკიძეებს ვუძღვნი

ზურაბ დათუნაშვილი, რომელმაც სერბეთის სახელით გუშინ ევროპის ჩემპიონი გახდა, გამარჯვებას ნიკა მელიას და მოჭიდავე ძმებ წულუკიძეებს უძღვნის.

“მინდა, ეს გამარჯვება მივუძღვნა ჩემს მუსლიმ ძმებს, წულუკიძეებს და მის სამეგობროს, რომლებიც დღეს უკანონოდ არიან დაპატიმრებულები, რომლებსაც მოუწყეს პროვოკაცია. ბიჭები, რომლებიც წესიერების მაგალითი უნდა იყოს მთელი საქართველოსთვის, დღეს უკანონოდ სხედან ციხეში.

ასევე, რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება ეძღვნება ნიკა მელიას, რომელიც დღეს საქართველოში არის თავისუფლების იდეის მატარებელი და ზუსტად ამისთვის ზის საპყრობილეში. მინდა, ამ გამარჯვებით ამ ხალხს ეს მძიმე წუთები ცოტა შევუმსუბუქო. მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს გულშემატკივრობისთვის და სერბებს, რომლებიც გვერდში დამიდგნენ”,– თქვა დათუნაშვილმა მთავარ არხთან საუბრისას.

ცნობისთვის, დათუნაშვილი ქვეყნიდან მას შემდეგ წავიდა, რაც საქართველოს ჩემპიონატზე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე მას ფიზიკურად გაუსწორდა.

თავდასხმის ფაქტზე გეგა გეგეშიძე სამართალდამცავებმა დააკავეს, თუმცა რამდენიმე დღეში სასამართლოს გადაწყვეტილებით ის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა.