სომხეთი და აზერბაიჯანი ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ

მოსკოვში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების – ზოგრაბ მნაცაკანიანის და ჯეიხუნ ბარამოვის შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი 10 ოქტომბრის 12 საათიდან მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ  შეთანხმდნენ.

შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შუამავლობით დახურულ ფორმატში ათ საათზე მეტხანს გრძელდებოდა და წუხელ გვიან დასრულდა.

მხარეები შემდეგ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ:

  1. ცხადდება ცეცხლის შეწყვეტა 2020 წლის 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ჰუმანიტარული მიზნებისთვის, სამხედრო ტყვეების და სხვა დაკავებულების, ასევე გარდაცვლილთა ცხედრების გაცვლისთვის საერთაშორისო წითელი ჯვრის შუამავლობითა და კრიტერიუმებით.
  2. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კონკრეტული პარამეტრები შეთანხმდება დამატებით.
  3. აზერბაიჯანის და სომხეთის რესპუბლიკები ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შუამავლობით დარეგულირების საბაზო პრინციპების საფუძველზე შეუდგებიან სუბსტანციურ მოლაპარაკებებს მშვიდობიანი დარეგულირების უსწრაფესად მიღწევის მიზნით.
  4. მხარეები ადასტურებენ მოლაპარაკების პროცესის ფორმატის უცვლელობას“– ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სერგეი ლავროვმა სამმხრივი მოლაპარაკების შემდეგ წაიკითხა.

საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს განახლდა. შეტაკებები სომხურ და აზერბაიჯანულ ძალებს შორის ფრონტის რამდენ მონაკვეთზე მიმდინარეობს. ბრძოლაში ჩართულია დრონები, არტილერია, მძიმე ტექნიკა და სარაკეტო კომპლექსები. ორივე მხრიდან სროლა მშვიდობიან მოქალაქეებსაც შეეხო. არის ათეულობით დაღუპული.

ამ ხნის მანძილზე რუსეთი ოფიციალურად ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა და მხარეებს მშვიდობიანი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებდა. 8 ოქტომბერს პუტინმა მხარეებს ზავი შესთავაზა ტყვეებისა და გარდაცვლილთა ცხედრების გასაცვლელად.