ევროკავშირის ელჩი: საქართველო საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ვყოფილიყავი ამ რთულ დროს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი კორონავირუსისა და საქართველოს შესახებ ვიდეომიმართვას ავრცელებს. ელჩი საზოგადოებას უზიარებს საკუთარ დამოკიდებულებას, კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოში გაწეული ძალისხმევის შესახებ.

„გამარჯობა, ახლა მე სახლიდან გესაუბრებით. დღეს ნამდვილად უპრეცედენტო პერიოდია, როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი მსოფლიოსათვის. კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ სამყარო თავდაყირა დააყენა. ამ გამოწვევაზე მარტივი პასუხები არ არსებობს. ჩვენ, ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებმა ეს ალბათ სხვებზე უკეთ ვიცით – იტალიიდან და ესპანეთიდან მიღებული მონაცემები ამის დასტურია. ამ კონტექსტში მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობას და საქართველოს პოლიტიკოსებს სწორი გზისა და მიდგომის არჩევა, რაც ადრეულ და აქტიურ მოქმედებაში გამოიხატა. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მოსახლეობას, რომელიც მხარს უჭერს მთავრობის ასეთ გადაწყვეტილებებს და პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ მოვალეობებს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად. მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და აღფრთოვანება გამოვხატო სამედიცინო სფეროს მუშაკების, ექიმების, ექთნების, სამართალდამცველების, მესაზღვრეებისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ამ დღეებში დაუღალავად შრომობს მოქალაქეთა უსაფრთხოებისათვის“, – აცხადებს კარლ ჰარცელი.