“ანგარიშებს ყადაღა სასამართლოს განჩინებით დაედო” – ამის შესახებ ნათქვამია,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ ე.წ. „ქოლცენტრების“ საქმესთან დაკავშირებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სამსახური განმარტავს, რომ კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით ყადაღა დაედო საქმეში ფიგურანტი კონკრეტული პირების საბანკო ანგარიშებს. დღეის მდგომარეობით გამოძიება გრძელდება და სამსახური საქმესთან დაკავშირებით პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, – წერია უწყების განცხადებაში.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევრებს, სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილს საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო.
მანამდე, 24 ოქტომბერს სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილის სახლები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს. გამომძიებლებმა ამოიღეს ყველა სახის ელექტრონუნლი მოწყობილობა, მათ შორის, სოფო გელავას შვილის სასკოლო კომპიუტერი.
ბუზიაშვილმა თქვა, რომ გამოძიება დაწყებულია 3 მუხლით: სსკ-ის 180-ე, 218-ე და 194-ე მუხლები – თაღლითობა, გადასახადებისგან თავის არიდება და ფულის გათეთრება.