აშშ–ს კვების პროდუქტებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მენთოლიანი და არომატიზირებული სიგარეტების წარმოებას და გაყიდვას მთლიანად აკრძალავს. ამ პროდუქციის ძირითადი მომხმარებლები აფროამერიკული თემის წარმომადგენლები არიან. ადმინისტრაცია განმარტავს, რომ უშუალოდ ამ პროდუქციის სარეკლამო კამპანიები პირველ რიგში მწეველების და აფროამერიკული თემისადმი არის მიმართული და მათ მწეველობას უწყობს ხელს.
“ეს ნაბიჯი საშუალებას მოგვცემს შევამციროთ მოწევაში ახალგაზრდობის ჩართულობის დონე და გაზრდის შანსებს, მწეველებმა ამ ჩვევას თავი დანებონ. ეს ზომა ასევე აღმოფხვრის უთანასწორობას კანის განსხვავებული ფერის მქონე თემებს შორის, ღარიბი მოსახლეობისა და ლგბტ თემის წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც ამ პროდუქციის ძირითადი მომხმარებლები არიან. “– აცხადებს FDA–ს დირეტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯენეტ ვუდკოკი.
მსგავსი აკრძალვა აშშ–ში კონგრესის თანხმობას არ საჭიროებს, თუმცა წესების მიხედვით ნებისმიერი ახალი შეზღუდვის შემოღებამდე ფედერალური მთავრობა ვალდებულია ამის შესახებ ოფიციალური შეტყობინება გამოაქვეყნოს და მოქალაქეების წერილები და კომენტარები გაითვალისწინოს.
FDA განსაკუთრებით განმარტავს, რომ დაგეგმილი აკრძალვა მხოლოდ თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლებს, დისტრიბუტორებს და გამყიდველებს შეეხება, თუმცა მოქალაქეების პირადი უფლებების შეზღუდვაზე საუბარი არ არის.
“ FDA–ს არ აქვს უფლება და არც აუკრძალავს კერძო პირებს იქონიონ და გამოიყენონ მენთოლიანი სიგარეტი ან სხვა რომელიმე თამბაქოს ნაწარმი “–ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
ხანგრძლივი ბრძოლა
ოფიციალური მონაცემებით აშშ–ში მოწევასთან დაკავშირებული დაავადებებით ყოველწლიურად 480 ათასი ადამიანი კვდება. 16 მილიონზე მეტი ამერიკელი ამ ჩვევის გამო ინვალიდია.
2009 წელს ობამას ადმინისტრაციამ შეძლო კონგრესი დაერწმუნებინა მკაცრი ანტინიკოტინური კანონი მიეღო, რომელიც FDA–ს უფლებას აძლევს თავად დაადგინოს შეზღუდვები სიგარეტში ნიკოტინის შემცველობასთან დაკავშირებით, შეზღუდოს არომატიზატორების გამოყენება თამბაქოს პროდუქტებში და აკრძალოს რეკლამა, რომლის სამიზნე აუდიტორია ახალგაზრდობა და უმცირესობის წარმომადგენლები არიან.
2018 წელს ადმინისტრაციამ უკვე სცადა მენთოლიანი სიგარეტის აკრძალვა, თუმცა ეს გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დაბლოკა.
თითქმის ორწლიანი შეთანხმებების შემდეგ FDA–მ მაინც მოახერხა თავისი გეგმის ნაწილობრივ განხორციელება: შემოიღეს აკრძალვა ნებისმიერი არომატიზირებული კარტრიჯის გაყიდვაზე ელექტრონული სიგარეტებისთვის. გამონაკლისი დაუშვეს მხოლოდ თამბაქოსა და მენთოლის გემოს მქონე მოწყობილობებისთვის.
რასობრივი პრობლემები
თამბაქოს მსხვილმა კომპანიებმა უკვე განაცხადეს, რომ აპირებენ ახალი აკრძალვა სასამართლოში გაასაჩივრონ.
“ჩვენ ვიზიარებთ საერთო მიზანს– დავეხმაროთ ზრდასრულ მწეველებს უარი თქვან სიგარეტზე, გადავიდნენ ნაკლებ მავნებელ ალტერნატივებზე, თუმცა აკრძალვები აქ არ მუშაობს“– აცხადებს კორპორაცია Altria–ს წარმომადგენელი ჯორჯ პარმანი.
სიგარეტის მწარმოებელთა აზრს მოულოდნელად მხარი დაუჭირეს უფლებადამცველებმა.
აშშ–ს ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი უფლებადაცვითი ორგანიზაციის, სამოქალაქო თავისუფლებების ამერიკული კავშირის აზრით ახალი აკრძალვის მსხვერპლნი შესაძლო ისევ რასობრივი უმცირესობების წარმომადგენლები გახდნენ, რომელთა ჯანმრთელობაზეც თითქოს ადმინისტრაცია ზრუნავს. ისინი შიშობენ, რომ აკრძალვა „შავი ბაზრის“ გაჩენას გამოიწვევს, რასაც რასობრივი უმცირესობების არაპროპორციული სამართლებრივი დევნა მოჰყვება.
აშშ–ში ასეთი აკრძალვის ამოქმედებას შესაძლოა რამდენიმე წელი დასჭირდეს, თუ გავითვალისწინებთ მოსალოდნელ სასამართლო სარჩელებს და არასამთავრობოების წინააღმდეგობას.