საქართველოს ყოფილი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიაში, გიგი გიგიაძე საზოგადოებრივ მაუწყებელს მოუწოდებს, კარტოგრაფების საქმეზე მომზადებული ფილმი ეთერიდან ამოიღოს.
“შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს ამ ე.წ. საგამოძიებო ფილმის ეთერიდან და ასევე სოციალური სივრციდან ამოღება”,– წერს გიგიაძე და ეხმიანება პირველი არხის ტელეწამყვანების მიერ ფილმის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას.
საგამოძიებო ფილმის გამო მაყურებელს და ივერი მელაშვილს ბოდიში მოუხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანმა, ირაკლი აბსანძემ. მან განაცხადა, რომ ფილმმა ივერი მელაშვილის წინააღმდეგ სიძულვილის ენის გაძლიერებას ხელი შეუწყო.
მას გამოეხმაურა საზოგადოებრივი მაუწყებლის კიდევ ერთი წამყვანი ნინო ზაუტაშვილი. მან პატივისცემა გამოხატა ისტორიკოს ბექა კობახიძის მიმართ, რომელმაც Facebook-ზე ვრცელი პოსტით გააკრიტიკა საგამოძიებო ფილმი. ზაუტაშვილის თქმით, ყურადსაღებია კობახიძის, როგორც მკვლევრის არგუმენტები.
ცნობისთვის, გიგი გიგიაძესა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ელჩმა ივერი მელაშვილის ბრალს აბსურდული უწოდა და მას სოლიდარობა გამოუცხადა. შემდეგ ის დიპლომატიურ რეზერვში გადაიყვანეს. გიგიაძემ მუშაობა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრში (EPRC) გააგრძელა.