ზოდელავას ინსულტი არ გადაუტანია, ჩივილების შესაბამისად, „ვივამედში“ დიაგნოზის დასმის მიზნით იქნა გადაყვანილი – პენიტენციური

სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, ყოფილ გენერალურ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას ინსულტი არ გადაუტანია.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ მურთაზ ზოდელავასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას და განმარტავს, რომ მსჯავრდებულ ინსულტი არ გადაუტანია. მსჯავრდებულ მურთაზ ზოდელავას მიერ წარმოდგენილი ჩივილების შესაბამისად, იგი გადაყვანილ იქნა კლინიკა „ვივამედში“ დიაგნოზის დასმის მიზნით. კლინიკაში ჩატარებული კვლევების შედეგად ყველა სახის მწვავე პათოლოგიური პროცესი გამოირიცხა.

მიუხედავად მსჯავრდებულის მოთხოვნისა, რომ დაბრუნებულიყო პენიტენციურ დაწესებულებაში, იგი მოთავსებულ იქნა კლინიკაში შემდგომი დინამიკური დაკვირვების მიზნით.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ნებისმიერ პირს, თავი შეიკავოს მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან” – ნათქვამია პენიტენციურის განცხადებაში.