შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს 4 პირი, რომლებმაც, ქართული ოცნების წევრს, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველს ზემო ფონიჭალა-მარნეულის გზატკეცილზე მანქანა მიზანმიმართულად დააჯახეს, შემდეგ კი სცემეს და ადგილიდან მიიმალნენ.
“გამოძიებით დადგინდა, რომ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი, 1991 წელს დაბადებული თემურ შუბითიძე მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, კუთვნილი ავტომობილით ზემო ფონიჭალა-მარნეულის გზატკეცილზე მოძრაობდა, რა დროსაც მის ავტომანქანას უკანა მხრიდან მიზანმიმართულად შეაჯახეს “ოპელის” მარკის ავტომობილი, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ. მათ თემურ შუბითიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებული თემურ შუბითიძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, სადაც მას დაუდგინდა სახის ძვლების მრავლობითი ფრაგმენტული მოტეხილობა და ჩაუტარდა გადაუდებელი, სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია.” – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს