მეუფე იობის რეზიდენციაში მღვდელს ფიზიკურად გაუსწორდნენ

დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი აცხადებს, რომ ურბნელი მიტროპოლიტის, იობის რეზიდენციაში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მისი თქმით, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის, სვიმონ ცაკაშვილის მიმართ “უდიერი განწყობა” გამოხატა, რის შემდეგაც მას ფიზიკურად გაუსწორდა აფექტურ მდგომარეობაში მყოფი “ერის ადამიანი”. დეკანოზი უარყოფს, რომ მას დაჩოქება მოსთხოვეს და ამბობს, რომ უბრალოდ მეტანია გააკეთა.

“ეს არის ჩვეულებრივი შიდასაეკლესიო გაუგებრობა, რომელიც მოგვარდა მღვდელმთავართან ერთად. არავითარი გამოხმაურება და სხვა და სხვადასხვა ინტერპრეტაცია ამისთვის საჭირო არ არის.

მე თვითონ გამოვხატე უდიერი განწყობა მღვდელმთავართან შეხვედრასთან დაკავშირებით, ვთქვი, რომ მასთან შეხვედრას, მერჩივნა, შევხვედროდი ქვეწარმავალს, ასეთი სიტყვები ვთქვი, რაც, რა თქმა უნდა, არ უნდა მეთქვა. ფიზიკური დაპირისპირება ერის ადამიანმა ჩაიდინა, რომელიც აფექტურ მდგომარეობაში იყო, მაგრამ ყველაფერი იქვე გაირკვა, როგორც შეშვენით ქრისტიანებს, იქვე მეც ვითხოვე პატიება და ყველაფერი დამსვიდებული სიტუაციით დამთავრდა.

თავს შევიკავებ დეტალებისგან, უხერხულია ჩემთვისაც და, ალბათ, ყველასთვისაც, რომ ვილაპარაკოთ რა სახით მოხდა ე.წ. ფიზიკური ანგარიშწორება, არამგონია, ეს ვინმეს აინტერესებდეს. დაჩოქება არის ძალიან ცუდი გამოთქმა, ჩემთვის დაჩოქება არავის უთხოვია, როდესაც შენდობას ვითხოვთ ეპისკოპოსისგან, ავტომატურად ხდება მეტანიის გაკეთება და ვითხოვე შენდობა აქეთ მე, ყველაფრის მიუხედავად”. – ამბობს მამა თეიმურაზი ტვ პირველთან ინტერვიუში.

გავრცელებული ინფორმაციით, იობის რეზიდენციაში სტუმრად მყოფ დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილს, ამავე ეპარქიაში მყოფი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმონ ცაკაშვილის მძღოლი ფიზიკურად გაუსწორდა, ასევე, გაიწია ეპისკოპოსმა სვიმონმაც.