ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ იპოდრომი საჩუქარია, რომელიც ივანიშვილს შეიძლება თბილისისთვის არ ეჩუქებინა, თუმცა ეს მისი ხელწერაა.
“ეს ყველა ბრალდება არის ძალიან კონტრპროდუქტიული, იმიტომ, რომ ადამიანები ხედავენ რეალურად წვლილს, რომელსაც დაახლოებით 30 წელია ქართუ ფონდი და ბატონი ბიძინა, მისი ოჯახი, ახორციელებს.
ეს არის საჩუქარი, რომელიც მას შეიძლება არ განეხორციელებინა. მსოფლიოში ძალიან ბევრი მდიდარი ადამიანია, რომელიც ასეთი მასშტაბის ქველმოქმედებას არ მისდევს. ეს არის სწორედ მისი ოჯახის ხელწერა, მისი ხელწერა, რომელიც წლების განმავლობაში მიმართულია საკუთარ ქვეყანაზე ზრუნვაზე”,-თქვა მაია ცქიტიშვილმა.
ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა დედაქალაქს იპოდრომის მხოლოდ ის ნაწილი გადასცა, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით, არამომგებიანია, 79 ათასი კვადრატული მეტრი კი თავისთვის დაიტოვა.