საქართველოს საპატრიარქო ეხმიანება სახალხო დამცველის განცხადებას იმის შესახებ, რომ ნინოწმინდის პანსიონში სავარაუდო გაუპატიურების ფაქტი მოხდა, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს.
საპატრიარქო შსს-ს მოუწოდებს, მიმდინარე საქმეები გაასაჯაროვოს.
“სახალხო დამცველის განცხადებიდან ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც ახლახან ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები.
მივმართავთ შსს-ს შესაბამის სამსახურს, გაასაჯაროვოს აღნიშნული საქმეები, რათა არავისთვის არაფერი იყოს დაფარული და ადგილი არ ჰქონდეს სხვადასხვა სპეკულაციას”,– წერია საპატრიარქოს განცხადებაში.
გუშინ, 2 ივნისს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გაუპატიურების სავარაუდო ფაქტიც მოხდა, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს. სამართალდამცავები ასევე იძიებენ შესაძლო ძალადობის 3 ფაქტს.