იმის შესახებ, რომ ძლიერი სტრესისგან გაჭაღარავება შეიძლება, თანაც ზოგჯერ ერთ ღამეში, დიდი ხანია ცნობილია. განსაკუთრებით ბევრი ასეთი შემთხვევაა ცნობილი ომიანობის, ბუნებრივი კატაკლიზმების და მოულოდნელი პირადი ტრაგედიების დროს.
ადამიანები ბუნებრივი მიზეზების გამოც ჭაღარავდებიან – ასაკთან ერთად თმა პიგმენტს კარგავს. ეს რა თქმა უნდა, ტრაგედია არ არის და თმის შეღებვა ბევრისთვის კარგი გამოსავალია. თუმცა, თმას რომ საკუთარი ფერი თავისით, ბუნებრივად დაბრუნებოდეს, ასეთი შემთხვევა არავის ახსოვს. ყოველ შემთხვევაში მანამდე, სანამ საქმეში კოლუმბიის უნივერსიტეტის დოცენტი, მარტინ პიკარდი არ ჩაერთო.
მან ჩაატარა კვლევა 14 მოხალისის მონაწილეობით, რომელთა ასაკი 9–დან 65 წლამდე იყო. მათ სრულიად ჭაღარა თმა ქონდათ, ან გაჭაღარავების პროცესი უკვე დაწყებული იყო.
კვლევის პროცესში მათი თმის ნიმუშების მაღალი გარჩევადობის სკანირება მოხდა, რათა ზუსტად განესაზღვრათ, ზუსტად რამდენი პიგმენტი დაკარგეს მათ. ამასთან, გაირკვა საინტერესო თავისებურება: ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნებოდა თმის ფერის დაკარგვის პროცესის დასაწყისი, თუმცა შემდეგ ეს პროცესი მუხრუჭდებოდა.
ფერთა ვარიაციების ექსპერიმენტის მონაწილეთა დღიურებთან შეადარეს, რომელშიც ისინი წლის განმავლობაში სიმშვიდისა და სტრესის პერიოდებს აღწერდნენ, მეცნიერებმა შეამჩნიეს გარკვეული კავშირი სტრესის ციკლებსა და თმის პიგმენტაციის დაკარგვას შორის.
“ერთ–ერთი მათგანი შვებულებაში წავიდა, და ამ ხნის მანძილზე მისი თმის 5 ღერი კვლავ გამუქდა“– აღნიშნავს პიკარდი.
თმის შიგნით ასობით ცილის გაანალიზებისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი გაჭაღარავების პროცესსა და ცილოვან მიტოქონდრიებს შორის – უჯრედულ დონეზე ენერგიის ხარჯვის მაჩვენებელსა და მეტაბოლურ სტრესს შორის.
მეცნიერებმა კვლევის შედეგების ექსტრაპოლირებისთვის მათემატიკური მოდელი გამოიყენეს სხვადასხვა ასაკის ადამიანების დიდ რაოდენობაზე და ივარაუდეს, რომ გაჭაღარავების პროცესში მყოფმა და გაჭაღარავებულმა თმებმა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მართლაც დაიბრუნონ ძველი ფერი. მართალია ეს ერთი შეხედვით ეწინააღმდეგება თაგვებზე ჩატარებული კვლევის შედეგებს, თუმცა ასეთი განსხვავება შეიძლება თაგვებისა და ადამიანების თმის ფოლიკულებს შორის განსხვავებით აიხსნას.
“იმ მექანიზმების გაგებამ, რომელიც გაჭაღარავების პროცესში მყოფ თმას ახალგაზრდულ პიგმენტაციას დაუბრუნებს, შეიძლება ბევრი ახალი ინფორმაცია მოგვცეს ადამიანის დაბერების პროცესზე და იმაზე, როგორ მოქმედებს სტრესი ამ პროცესზე“– ამბობს მარტინ პიკარდი.
მკვლევარები არ ჩქარობენ მათ დაიმედებას, ვინც ჭაღარას მომატებას განიცდის. ისინი ამბობენ, რომ თმის ფერის ნაწილობრივ აღდგენა შესაძლებელია, თუმცა მხოლოდ გარკვეულ ასაკამდე, ასე რომ, სტრესის ან სხვა ბიოლოგიური მიზეზების გამო დროზე ადრე გაჭაღარავება ადვილია, თმის ძველი ფერის დაბრუნება კი ასაკში საღებავის გარეშე ნაკლებად სავარაუდოა.