“ქართული ოცნების” და რუსული კანონის მხარდამჭერი, დეპუტატი ნინო წილოსანი აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტრო თავად დაარეგისტრირებს ”უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად” იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, რომლებიც რეესტრში რეგისტრაციას ნებაყოფლობით არ გაივლიან.
“თავისთავად, ამ ორგანიზაციებისთვის არ არის უცხო, რომ დაემალონ კანონს, იყვნენ გაუმჭვირვალო, ჩრდილში ჰქონდეთ თავიანთი ფინანსები და მიზნები და ასე აწარმოონ თავიანთი საქმიანობა, ამიტომ იქნებიან ორგანიზაციები, ვინც არ დარეგისტრირდება ამ რეესტრში და ძალიან კარგად დაინახავს საზოგადოება, რომელი ორგანიზაცია რა მიზანს ემსახურება. თუმცა ამის პარალელურად, არსებობს სახელმწიფოს უფლება, მოვალეობა და ვალდებულება, რომლითაც უნდა აღსრულდეს კანონი. მათ შორის, კანონში გაწერილია და უკვე კანონქვემდებარეებში დეტალურად გაიწერება რეგისტრაციის პირობები და ნებაყოფლობით არ დარეგისტრირების შემთხვევაში, თავისთავად იუსტიციის სამინისტროს აქვს უფლება და ვალდებულება, რომ მოიძიოს ინფორმაცია, საჯარო წყაროებიდან იქნება ეს, კონკრეტული ორგანიზაციებიდან თუ სხვადასხვა საშუალებებიდან, მათ შორის, ფიზიკური პირებისგან და შეგროვებული ინფორმაციით თავად დაარეგისტრიროს ეს ორგანიზაციები რეესტრში. მათ შორის, იყო ერთი ამბავი ატეხილი, რომ იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველზე თუ უნდა ითანამშრომლონ ადამიანები, თუ სხვა ორგანიზაციები, ვის მიერ მოწოდებული ინფორმაციაც გახდება ამ “ენჯეოების” დასარეგისტრირებლად პირველწყარო. რა თქმა უნდა, ნებისმიერმა ადამიანმა და სუბიექტმა უნდა ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან, უნდა აღასრულოს ის კანონი, რომელიც მათივე ინტერესს ემსახურება და არ უნდა შეუწყონ ხელი ამ მავნებლურ პირდაპირ აგენტურად ქცეულ არასამთავრონო ორგანიზაციებს, რომ დარჩნენ ჩრდილში და თავისი საქმეები აკეთონ მალულად,” – განაცხადა წილოსანმა.