არ შეიძლება “პატრიოტთა ალიანსის” მიმართ რაღაც ფურცლის გამო დაიწყოს გამოძიება – ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, “პატრიოტთა ალიანსის” მიერ აჭარაში განთავსებული ბანერი არასახელმწიფოებრივია, თუმცა “ფურცლის გამო არჩევნებიდან მოხსნის საკითხის დაყენება არასერიოზულია”.

ვოლსკის თქმით, “ამაზე უნდა იყოს სერიოზული მსჯელობა, მოკვლევა და აქედან გამომდინარე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება”.

“არ მიმაჩნია, რომ ვითომ პროდასავლური განცხადებების მქონე პარტიებს რაიმე აქვს საერთო პროდასავლურ პოლიტიკასთან. ყველაზე არ ვამბობ, თუმცა ძირითადი ბირთვს, ისევე როგორც “პატრიოტთა ალიანსს”, ასევე ნათელაშვილის ფანჩატურში გაერთიანებულ ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას, არავითარი საერთო არ აქვს. ზოგმა 2008 წლის ოკუპაციას ხელი შეუწყო. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს. მაგრამ საჭირო და მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით კომპეტენტური დასკვნა დაიდოს.

ვისაც ეს ევალება, უნდა მოიკვლიონ. არ შეიძლება, რომ ოპონენტმა პარტიამ ააფრიალოს და გამოაცხადოს წინა რეჟიმი დამნაშავედ ან “პატრიოტთა ალიანსის” მიმართ რაღაც ფურცლის გამო დაიწყოს გამოძიება. ვისაც ევალება, ეს არის აუდიტის სამსახური და უნდა შეისწავლოს, რამდენად დაფინანსებულია გარედან, მითუმეტეს ოკუპანტი ძალის მიერ. ეს არის გამორიცხული, არ შეიძლება, დაუშვებელია”,- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, “პატრიოტა ალიანსმა” აჭარაში საარჩევნო ბანერი განათავსა, სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ოკუპირებული ტერიოტორიების მსგავსად წითლადაა მონიშნული. გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების კანონიერების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.

ცენტრმა დოსიემ 2 საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც პატრიოტთა ალიანსის რუსულ კავშირებზეა საუბარი. “დოსიეს” კვლევით, პარტიამ რუსეთიდან 8 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო. ასევე დღემდე იღებს ინსტრუქციებს და მითითებებს, თუ როგორ მოიქცნენ წინასაარჩევნოდ, რაზე ისაუბრონ, როდის ჩაატარონ აქცია, რა სახის რეკლამა განათავსონ ეთერში და ა.შ.