აშშ–ს მედიკამენტების სამმართველომ კორონავირუსის ახალი ტესტი დაამტკიცა

ხუთშაბათს აშშ–ს პროდუქტების და მედიკამენტების კონტროლის სამმართველომ კორონავიურსის ახალი ტესტი დაამტკიცა. ეს არის ანტისხეულების პირველი ტესტი ამერიკაში მოხმარებისთვის.

აქამდე ხელმისაწვდომი ტესტები განკუთვნილია ვირუსული გენების ფრაგმენტების მოძიებისთვის, რაც მიმდინარე დაავადებაზე მიუთითებს.

ახალი ტესტი კი პირიქით, სისხლში ანტისხეულებს ეძებს. ის ექიმებს უჩვენებს, ქონდა თუ არა პაციენტს ვირუსი და აქვს თუ არა ამჟამად რამენაირი იმუნიტეტი მის წინააღმდეგ.

ეს მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო: იმუნიტეტიანი ადამიანები შეძლებენ საკუთარი სახლიდან უშიშრად გამოვიდნენ და იმუშაონ. განსაკუთრებით ექიმებისთვისა და ექთნებისთვის არის მნიშვნელოვანი იმის ცოდნა, აქვთ თუ არა ორგანიზმში ანტისხეულები.

ანტისხეულებზე ტესტირება საბოლოო ჯამში მეცნიერებს დაეხმარება იმის გაგებაში, რამდენად ფართოდ არის გავრცელებული ინფექცია მოსახლეობაში და რამდენია რეალურად სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

“თუ ჩვენთვის უცნობი დარჩება დაავადების უსიმპტომო ან მსუბუქი შემთხვევები, ვერასოდეს გავიგებთ კლავს თუ არა ახალი ვირუსი ადამიანების მნიშვნელოვან ნაწილს, თუ მხოლოდ მათ ერევა, ვისაც თანმდევი დაავადება აქვს ან უბრალოდ ძალიან არ გაუმართლა“– ამბობს სიეტლში მდებარე ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების ექსპერტი კარლ ბერგსტრემი.

ანტისხეულების ტესტები უკვე გამოიყენება ჩინეთში, სინგაპურში და სხვა რამდენიმე ქვეყანაში. ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურმა ანტისხეულების მილიონობით ტესტი შეიძინა და იმედი აქვს, რომ მათ სახლის პირობებში მოხმარებისთვისაც ხელმისაწვდომს გახდის.

Cellex–ის მიერ შემუშავებული ახალი ტესტი  შედეგს 15 წუთში იძლევა. თუმცა ჯერჯერობით არ არის საბოლოო მტკიცებულება, რომ ანტისხეულების არსებობა კორონავირუსისგან დამცავი იმუნიტეტის გარანტიაა.

კოლუმბიის უნივერსიტეტის ვირუსოლოგის, ანჟელა რასმუსენის თქმით, ახალი ტესტი მხოლოდ ანტისხეულებს ეძებს და კვალიფიციურ დადებით ან უარყოფით პასუხს გვაძლევს, თუმცა ის ვერ განსაზღვრავს, რამდენად წარმატებით მუშაობს ანტისხეულები.

ზოგიერთი დაინფიცირებულის ორგანიზმში ძლიერი იმუნური რეაქციები გამომუშავდება, ზოგთან არა. და მეცნიერებმა არ იციან, რამდენად დიდხანს ინარჩუნებს ორგანიზმი ვირუსის მიმართ იმუნიტეტს.