დაავადების სიმძიმე შესაძლოა იყოს კრიტიკული ნებისმიერ შემთხვევაში – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ კორონავირუსი კრიტიკული შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის აღმოჩნდეს, ამიტომ ფრთხილად უნდა იყოს არამარტო რისკჯგუფი, არამედ ყველა.

,,მძიმე პაციენტების ჯგუფში არიან პაციენტები, რომლებიც არიან 70 წლამდეც, არიან 40-დან 50 წლის ასაკობრივ ჯგუფშიც. ვერ ვიტყვით ისე, რომ ყველა მძიმე და კრიტიკული პაციენტი ექსკლუზიურად არის 70 წლის ზემოთ.

რა თქმა უნდა, ეს ასევე უკავშირდება სხვა თანმხლებ ქრონიკულ დაავადებებს და სწორედ ამიტომ არის სიფრთხილე საჭირო და სიფრთხილეს უნდა მიმართონ არა მხოლოდ იმ პირებმა, ვინც მხოლოდ მაღალი რისკის ჯგუფში არიან, არამედ ნებისმიერმა ჩვენგანმა, რადგან დაავადების სიმძიმე შესაძლოა იყოს კრიტიკული ნებისმიერ შემთხვევაში და ამაზე არა მხოლოდ ჩვენი, არამედ გლობალური სტატისტიკაც მიუთითებს”,- აცხადებს თამარ გაბუნია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საშუალო ასაკი 42 წელია, მაქსიმუმი 88, ხოლო მინიმუმ – 9 თვე.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 604 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 240 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9 გარდაიცვალა.